ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და დემონსტარციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიების და ასევე, დემონსტარციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის განხილვისას განაცხადა, ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გათვალისწინებულია და პროექტიდან ამკრძალავი ნორმები ამოღებულია.
ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.
“კანონპროექტის მე-10 – მე 11 მუხლები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ან სხვა კამპანიების და დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვას უკავშირდებოდა. აქ ვენეციის კომისიამ უფლებების შელახვის შესაძლო რისკები დაინახა, რომ თუ ოლიგარქებს ეს უფლება აეკრძალებოდა, ეს უფლების გაუმართებლად შეზღუდვა იქნებოდა. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღეთ – ანუ თუ პირი ოლიგარქად იქნება ცნობილი, შესაბამისი დაფინანსების განხორციელება შეეძლება და ამ მიმართულებით შეზღუდვა არ იქნება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.