რა მდგომარეობაშია და რომელ სკოლებში მუშაობს კვების ობიექტები თელავსა და გურჯაანში
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების, თელავისა და გურჯაანის, საჯარო სკოლებში კვების ობიექტების მცირე რაოდენობა ფუნქციონირებს. როგორც საჯარო სკოლებში განმარტავენ, კვების ობიექტების მუშაობაზე მოთხოვნა არის, თუმცა, ზოგ სკოლაში შესაბამისი პირობების და საჭირო ფართის არარსებობის გამო, აღნიშნული ობიექტების ფუნქციონირება ვერ ხერხდება.
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი აცხადებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკვებისთვის განკუთვნილი სივრცეები არის, თუმცა, კვების ობიექტი მხოლოდ 7 სკოლაში ფუნქციონირებს.
,,ზოგადად, ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სივრცეები ყველა სკოლაში გვაქვს, მაგრამ ამ დროისთვის ბავშვთა კვების ობიექტი მხოლოდ შვიდ სკოლაში ფუნქციონირებს_. ქალაქის 4 და სოფლის სამ სკოლაში. აქ პრობლემაა ის, რომ საკვების მომწოდებლებს აქვთ ბევრი ხარჯი და როგორც თავად ამბობენ, შემოსავალი აქვთ ძალიან ცოტა, ამიტომ მუშაობა არ უღირთ ამ მიმართულებით.
გარდა ამისა, პანდემიის დროს, როცა სკოლები დაკეტილი იყო, ამ კუთხით მომუშავეებს პრობლემები ჰქონდათ., ზოგმა გაგრძელება აღარ მოისურვა ხელშეკრულების და ამ მიმართულებით საქმიანობა შეწყვიტა. გარდა ამისა, პრემიერის ინიციატივით, 11 სკოლაში იგეგმება შენობების სრული რეაბილიტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლებში იქნება ევროპული დონის სივრცეები და კვების ობიექტები მოწყობილი. რაც შეეხება სველ წერტილებს, არცერთ სკოლაში ამისი პრობლემა არ გვაქვს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან მრელაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 25 საჯარო სკოლიდან, კვების ობიექტი მხოლოდ 2 სკოლაში ფუნქციონირებს. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ უმეტეს სკოლაში არის კვების ობიექტისთვის სათანადო პირობები, თუმცა კომპანიების ან კერძო პირების რაოდენობა, რომლებიც ამ მიმართულებით სისტემატურად იმუშავებენ, ნაკლებია.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლაა, აქედან კვების ობიექტი ორ საჯარო სკოლაშია . კონკრეტულ პირზე ან კომპანიაზე, აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის დასაწყებად, ფართის იჯარაზე გადაცემა იმ კანონმდებლობით ხდება, რაც არის გაწერილი. რაც შეეხება იმას თუ რამდენად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომ სკოლაში კვება იყოს უსაფრთხო, სურსათის უვნებლობის სამსახური სწავლობს ასეთ შემთხვევებს. ისინი დადიან მონიტორინგზე და არასდროს არ გვქონია შემთხვევა, რომ მათ უარყოფიოთი შეფასება მოეცათ.
მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტში არსებული სკოლები გარემონტდა და სტანდარტებში ჩაჯდა, შესაძლებლობაც მეტია, რომ აღნიშნულმა ობიექტებმა იმუშავოს. თუმცა, ძირითადად ფართის პრობლემაა. გარდა ამისა, წყალმომარაგების და გაზიფიცირების პრობლემა მოხსნილია ყველა სკოლაში. კვების ობიექტის გახსნა ხშირად სკოლაში არსებულ მოსწავლეთა კონტიგენტზე არის დამოკიდებული. მცირე კონტიგენტიან სკოლებში მოიჯარეს არ მიაჩნია მიზანშეწონილად საქმიანობა წამოიწყოს, რადგან მოგებას ვერ ხედავს’’,- განუცხადა Knews.ge-ს დალი მინდიაშვილმა.
2024 წლიდან სკოლებში შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ე.წ. უფასო კვების პროგრამა ამოქმედდეს. UNICEF-ის ჩართულობით განიხილება მოდელი, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და დაფარავს მცირე კონტინგენტიან სკოლებსაც, სადაც 50-მდე მოსწავლე სწავლობს. თითოეული მოსწავლისთვის ლანჩბოქსის მიწოდება იგეგმება.
გაეროს ბავშვთა ფონდის ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტი, თამარ უგულავა აცხადებს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემები საკმაოდ მწვავეა და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მოწესრიგებაც იგეგმება, თუმცა ახლა მათი შეფასებით, კვება კრიტიკულია.
,,იმისთვის, რომ ბავშვმა მაქსიმალურად კონცენტრირება შეძლოს სწავლაზე, აუცილებელია იგი იყოს დანაყრებული, არ აწუხებდეს შიმშილის გრძნობა და მისი კონცენტრირება ხდებოდეს ძირითადად სწავლაზე. ეს გზა ბევრმა ქვეყანამ გაიარა, გაიაზრა როგორც სწავლაში წარმატებისთვის საჭირო საკითხი და ამიტომ შეიტანეს სკოლაში ბავშვთა კვება. ბავშვთა კვებას აქვს ბევრი მიზანი და ის ერთ-ერთი საუკეთესო და გამოკვეთილი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის. სკოლაში კვების დანერგვა არის ერთ-ერთი უნიკალური პროგრამა და ის მრავალი მიმართულებით იძლევა შედეგებს. ერთ-ერთი დიდი მიზანი ამისი არის ჯანსაღი კვების პრაქტიკის დანერგვა ბავშვებში. ეს კიდევ ერთი წარმატებული შედეგი იქნება, რაც სკოლაში კვების პროგრამას შეიძლება ჰქონდეს. ასევე არსებობს სოფლის მეურნეობაზე მიბმული მიზნებიც. თუ სკოლაში შემოვა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, ეს იქნება ძალიან დიდი შედეგი სოფლის მეურნეობისთვის. ასევე შეიძლება იყოს გარკვეული პროგრამები, რომელიც მცირე მეწარმეობას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი არის მიზანი, როცა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომია თუნდაც ერთჯერადი დაბალანსებული კვება. ამდენი სასიკეთო შდეგი შეიძლება მოჰყვეს სკოლაში კვების დანერგვას. სკოლაში კვება 159 ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით წარმატებით მუშაობს’’,- განუცხადა Knews.ge-ს თამარ უგულავამ.
მისი განმარტებით, პროგრამის მოდელი სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და ჩაშლილია ბევრი სავარაუდო შესაძლებლობა, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს: ეს იქნება საკვების მიწოდების ფორმა თუ ლანჩბოქსების მენიუ. მისივე თქმით, პროგრამის დამუშავების პროცესში რამდენიმე უწყება და სამინისტრო იყო ჩართული.