პანკისის ხეობაში მოსახლეობამ აქცია გამართა
პანკისის ხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და განმარტებას მოითხოვენ, ევროპიდან დაბრუნებულებს რატომ ექმნებათ პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე.
აქციის მონაწილეების თქმით, სამი დღეა ქუთაისის აეროპორტში იმყოფება 23 წლის გოგო, ლეილა ქავთაროვა მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრანგეთიდან ქმართან ბრუნდებოდა, თუმცა ქვეყანაში არ უშვებენ.
მათი თქმით, თითქმის ერთი წელია ამ პრობლემამ მასობრივი სახე მიიღო. ყოველ მესამე ადამიანს აჩერებენ, აყოვნებენ და ქვეყანაში შემოსვლაზე პრობლემას უქმნიან. ადგილობრივების განმარტებით, ხეობიდან ბევრია ევროპაში წასული სამუშაოდ და უკან დაბრუნებაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.
მათი ინფორმაციით, ლეილა ქავთაროვა წარმოშობით პანკისიდან არის, თუმცა ის ამ ეტაპზე რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეა. აქციის მონაწილეები საკითხის მოგვარებას ხელისუფლებასთან ერთად სახალხო დამცველსაც სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.