რას ნიშნავს ევროკავშირის დროშაზე გამოსახული სიმბოლოები
1955 წელს ევროპის საბჭოსა და შემდგომ (1985 წლიდან) ასევე ევროგაერთიანების (1993 წლიდან კი ევროკავშირის) დროშად მიიღეს ლურჯ ფონზე წრედ განფენილი თორმეტი ოქროსვარსკვლავიანი სიმბოლო.
რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარის კახა გოგოლაშვილის თქმით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდებზე ამ დროშის სიმბოლური მნიშვნელობა განმარტებულია: „დასავლური სამყაროს ლურჯ ცაზე ვარსკვლავები განასახიერებენ ევროპის ხალხებს, წრეზე განფენილს, მათი ერთიანობის ნიშნად. მათი რიცხვი უცვლელია და თორმეტს უდრის, რაც ყოველივე დახვეწილისა და გამთლიანებულის სიმბოლოა“.
,,დროშის პროექტი ეკუთვნის სტრასბურგელ დიზაინერ არსენ ჰეიცსა და ევროსაბჭოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს პოლ ლევის. ჰეიცი, რომელიც სტრასბურგში დაიბადა და გაიზარდა, სხვაგვარად ხსნიდა თავისივე გამოგონილი დროშის სიმბოლურ მნიშვნელობას. სტრასბურგის მთავარ საკათედრო ტაძარში, რომელიც გოთური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია, 1859 წელს შექმნილი წმინდა მარიამის (წმინდა ქალწულის) ქანდაკებაა, რომელსაც თავზე 12-ოქროსვარსკვლავიანი დიადემა ადგას. თავად არსენ ჰეიცი ამტკიცებდა, რომ დროშის შექმნისას იგი რელიგიური მოტივით, სწორედ ამ ქანდაკებით, იყო შთაგონებული. მისი თქმით, დროშის სიმბოლიკა ქრისტიანული იკონოგრაფიის ტრადიციას ეფუძნება და წმინდა იოანეს გამოცხადების „აპოკალიფსის ქალწულს“ (წმინდა მარიამს) განასახიერებს. სხვადასხვა ინტერვიუში პოლ ლევი, დროშის თანაავტორი, აცხადებდა, რომ მისი იყო საბოლოო დიზაინი – ჰერცმა ბევრი ვერსია შემომთავაზა და თორმეტვარსკვლავიანი მე ავარჩიეო. დროშის მიმღები კომისიის წევრები კი ამტკიცებდნენ: პოლმა და არსენმა თხუთმეტვარსკვლავიანი დროშა შემოგვთავაზეს, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ დროშაზე 12 ვარსკვლავი ყოფილიყო გამოსახულიო”.
ჩვენს მიერ გამოკითხული პირებიდან უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია თუ რა სიმბოლოებია გამოსახული ევროკავშირის დროშაზე.
,,მახსოვს რომ ყვითელი ვარსკვლავებია გამოსახული, თუმცა მნიშვნელობა არვიცი”,- ამბობს ნინო მარტაშვილი.
,,არვიცი რა სიმბოლოებია გამოსახული ევროკავშირის დროშაზე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მოვისმინე რომ მისი დაზიანება ჩვენს ქვეყანაში დასჯადია”, – აცხადებს თინა ბეგაშვილი.
საქართველოში ვროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლი 2021 წლის მოვლენების შემდეგ ჩაიდო, როცა „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
ამასთან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.