სავალდებულო ტექდათვალიერებას მოპედები და მოტოციკლებიც დაექვემდებარება
სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას L კატეგორიის ტრანსპორტიც დაექვემდებარება. საუბარია ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელსაც მოპედები, მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები მიეკუთვნებიან.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებასთან და ინსპექტირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უკვე შედგა შეხვედრა ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციებთან.
მთავრობის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან უკვე მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტების მომზადებაზე, რათა მოპედები და მოტოციკლები სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარონ. ნორმატიული აქტების მომზადებისთვის სახელმწიფოს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვს განსაზღვრული.
“საუბარი იყო L კატეგორიის ტრანსპორტის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებაზე. აღნიშნული ტრანსპორტი მრავლად არის წარმოდგენილი საქართველოს ავტოპარკში. ევროდირექტივის შესაბამისად აღნიშნული ტრანსპორტი უკვე დაექვემდებარა სავალდებულო ინსპექტირებას ევროპაში 2024 წლიდან. ჩვენც მივყვებით ამ სტანდარტებს და 125 მ³ -ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე L კატეგორიის ტრანსპორტი საქართველოშიც უნდა დაექვემდებაროს ინსპექტირებას.
დაახლოებით 125 ათასი L კატეგორიის ტრანსპორტი იყო რეგისტრირებული გასული წლის მდგომარეობით ქვეყანაში და წელს სავარაუდოდ კიდევ მეტია. მაგალითად, ესპანეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტრანსპორტი დაექვემდებარა ინსპექტირებას, გაცილებით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. ვფიქრობ, ეს დადებითად წაადგება საგზაო უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაშიც“, – აცხადებს გიორგი შიოლაშვილი ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი “საქმიან დილასთან” ინტერვიუში.
ამ ეტაპზე უცნობია, როდიდან შეიძლება ამოქმედდეს L კატეგორიის ტრანსპორტის სავალდებულო ინსპექტირება. ნორმატიული აქტების მომზადებისთვის სახელმწიფოს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვს განსაზღვრული.

