1 მომხრე – 35 წინააღმდეგი – პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო
გადაცემათა ციკლი ,,გზა ევროპისკენ“, რომელიც რადიო ,,კახეთის ხმის“ და ფეისბუქ გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემაში ვსაუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ვისაუბრებთ რა შანსები აქვს ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ვსაუბრებთ იმ საზოგადოებრივი პროტესტის შესახებ რაც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება. ხმაური კი, პარლამენტში “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის განხილვას მოყვა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან დღეს უკვე გაიწვიეს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები არიან, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, დემონსტრანტების დასაშლელად კი სპეცრაზმმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციების განმავლობაში პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები გუშინ გაათავისუფლეს.
გადაცემის სტუმრები გახლავთ მოძრაობა ,,დროას” თელავის ბიუროს ხელმძღვანელი ნუცა ფეიქრიშვილი, ,,სოციალური ქოლგას” დამფუძნებელი ნათია მექვაბაური, ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ბიუროს ხელმძღვანელი არჩილ მჭედლიშვილი და სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ეჟიშვილი.