ახალი ამბები

მთავრობამ ტექინსპექტირების პირობების ნაწილის გამკაცრებაზე უარი თქვა

მსუბუქ ავტომობილებში ცეცხლმაქრის, მინი-აფთიაქის და საავარიო სამკუთხედის ქონის ვალდებულება, რომელიც 2025 წლამდე იყო გადავადებული, შესაბამისი რეგლამენტიდან საერთოდ ამოიღეს.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, არ ჩათვალა, რომ აღნიშნული ნივთების მანქანაში ქონა უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილების დიდ ნაწილში სამკუთხედი ისედაცაა, მინი-აფთიაქის შემადგენლობის სტანდარტის დაწესება კი რთული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების ნაწილს გარკვეულ პროდუქციაზე (მაგალითად ლატექსის ხელთათმანზე) ალერგია აქვს.

ამასთან, როგორც ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, აღნიშნული ვალდებულება ავტომფლობელებისთვის დამატებით ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

ამიტომ, როგორც იორდანიშვილი აცხადებს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში აღნიშნული ვალდებულების ამოქმედება გათვალისწინებული საერთოდ აღარაა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლიდან გამონაბოლქვის ნაწილში ტექინსპექტირების პირობები გამკაცრდა და CO-ს დასაშვები მაქსიმალური ზღვარი 0.6 პროცენტიდან 0.55 %-მდე შემცირდა. რეგლამენტის ის ნაწილი კი, რომელიც 2025 წლიდან ავტომობილებში კატალიზატორის არსებობის ვალდებულებას განსაზღვრავს, ძალაში დარჩა.