რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი- საზოგადოების პროტესტი
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა – “ხალხის ძალამ” მოამზადა, ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონის განხილვა და უკიდურეს შემთხვევაში მისი მიღება, დააზიანებს ქვეყნის მომავალს და ხელს შეუშლის ევროინტეგრაციის პროცესში.
,,მიგვაჩნია, რომ ეს კანონი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს დემოკრატიას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის გაცხადებულ კურსს- ევროინტეგრაციის გზას. მის მიზანში ვკითხულობთ, რომ ეს არის კანონი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაცია და მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეისწავლოს. რა თქმა უნდა, თვითონ კანონის მიზანი სცდება ყოველგვარ დემოკრატიულ ფასეულობას და ერთადერთ ინსტრუმენტად გვევლინება, რომ განახორციელოს კონტროლი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მედიაზე.
ამის პირობებში, ყოველგვარ პროგრესზე და დემოკრატიაზე საუბარი ძალიან ძნელია. მსგავსი კანონი მიიღო რუსეთმა. მსგავსი კანონის მიღების მცდელობა, მაგალითად, ჰქონდა უნგრეთს. ამ მცდელობამ კრახი განიცადა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ ის კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას.
მიგვაჩნია რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ეს არ არის მარტო ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კანონი, ეს არის ხალხის წინააღმდეგ მიმართული. სწორედ უცხოური საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით საქართველოში ახერხებს ადამიანი, რომ გაძლიერდეს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, უფლებრივად და სხვა. შესაბამისად, ამ რესურსების შეწყვეტა, ხელს უშლის ადამიანების განვითარებას. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე განხილვაში მონაწილეობის მიღებას, რადგან თვითონ კანონის მიზანი არის არალეგიტიმური. იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება, საერთო მობილიზება უნდა მოხდეს ხალხის. მათ უნდა გაიგონ, რომ ეს არის სახელმწიფოს, ხალხის ნების წინააღმდეგ მიმართული ქმედება’’,- განუცხადა Knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოს” ხელმძღვანელმა ლადო მკერვალიშვილმა.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი- ამ ლოზუნგით სხვადასხვა ორგანიზაციებმა განცხადებები ცალკ-ცალკე და ერთობლივადაც გაავრცელეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ,,სამოქალაქო დარბაზის” და ,,საქართველოს უდიების” თანადამფუძნებელი ალექსანდრე ქავთარაძე აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის მიღება იმ ქვეყანაში, სადაც სოფლებში სკვერების მოწყობაც კი უცხოელი პარტნიორების დაფინანსებით ხდება, ყველაფერთან ერთად, არის დიდი სირცხვილი.
,,უცხოური გავლენის აგენტებზე” კანონის მიღება იმ ქვეყანაში, სადაც ლამის სოფლის სკვერების მოწყობაც კი ჩვენი უცხოელი პარტნიორების დაფინანსებით ხდება, ყველაფერთან ერთად, არის დიდი სირცხვილი. ეს და მსგავსი რუსული ყაიდის კანონები მხოლოდ ჩაგვიხერგავს გზას ევროპისკენ და ჩვენი მომავალი თაობების უკეთესი მომავლისკენ. დიახ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი დღეს ევროპულ გზას არის მიჯაჭვული. სხვათაშორის, თუ რეალური ისტორია გვაინტერესებს: ერეკლე მეორეც, ილია ჭავჭავაძეც, ნოე ჟორდანიაც და არაერთი სხვა მოღვაწეც – ამ გზის გაკაფვას ცდილობდა, თუმცა ამაზე სხვა დროს. ჩემს მიერ, მეგობრებთან ერთად, დაფუძნებულ არცერთ ორგანიზაციას ეს კანონი არ შეეხება, მაგრამ ის პირდაპირ დაარტყამს რეგიონებში მომუშავე ახალგაზრდების მიერ დაარსებულ სათემო ორგანიზაციებს და არა მხოლოდ. ამ კანონით არაერთ გულანთებულ ახალგაზრდას ,,უცხოეთის გავლენის აგენტად” მონათვლა ,,ემუქრება”. იმის მაგივრად, რომ სიდუხჭირის აღმოფხვრაზე, განათლების სისტემის ძირეულ რეფორმირებაზე, რეგიონებში საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ვსაუბრობდეთ და ამაზე ვმუშაობდეთ – გვიწევს საუბარი ასეთ საკითხზე. ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ახლა დიდი ზიანი ადგება. ასე ვხვდებით უკრაინის ომის წლისთავს. ხმის ამოღება მნიშვნელოვანია’’,- აცხადებს ალექსანდრე ქავთარაძე.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში არაერთი სამოქალაქო აქტივისტი, სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაწესებულების წარმომადგენელი გამოეხმაურა. ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღება დაუშვებელია და ამისთვის საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
,,მათ ვინც იმედს, პოსტ ტივის ან პრორუსულ არხებს ხშირად უყურებთ. გასაგებია, რომ შესაძლოა, გქონდეთ განსხვავებული წარმოდგენა ამ კანონპროექტზე, რომელზეც ბოლო რამდენიმე დღეა ყველა საუბრობს. ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტის” კანონპროექტი. ყველასთვის მინდა ავხსნა, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დიდი ნაწილი დაფინანსებას ნამდვილად უცხოური წყაროებიდან იღებს და ეს არ არის დამალული ფაქტი. თავად შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერი დიდი ორგანიზაციის ვებგვერდზე და ნახოთ დონორების ჩამონათვალი, ხშირად ეს დონორის მოთხოვნაც არის, რომ მათი ლოგო და ინფორმაცია დაფინანსების შესახებ ყველგან განთავსებული იყოს. ამიტომ დასამალი არაფერია. დასამალი იმ ორგანიზაციებს აქვთ, რომლებიც დაფინანსებას რუსეთიდან იღებენ მაგალითად. მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი ორგანიზაციები გამოგვეშკარავებინა სხვა ბერკეტის მოფიქრებაც შეიძლებოდა. თუმცა ამ კანონის მიღებით მმართველი პარტიის მიზანია მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების და ორგანიზაციების დისკრედიტაცია. ასე დაიწყო რუსეთშიც, რაც გაგრძელდა მაგალითად ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველების მკვლელობებით და დაპატიმრებით’’,- წერს სოციალურ ქსელში საგარეჯოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ანუკი მოსიაშვილი.
სიღნაღში მოქმედი ორგანიზაციის ,,ცოდნის კაფეს” წარმომადგენელი ქეთი მოლაშვილი აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია ძირითადად საერთაშორისო პროექტებიდან გამოყოფილი თანხების დახმარებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ „ცოდნის კაფე“ არის სოციალური საწარმო წნორში და ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე რეგიონში, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. მისი ძირითადი ფუნქცია ახალი ცოდნების წარმოება და გაზიარებაა ცენტრიდან რეგიონში.
,,თანხების დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოდის, რაც წინაპირობაა აგენტად გახდომის. ჩვენი ორგანიზაციის შემოსავლების უმეტესობა საზღვარგარეთიდანაა, რომელთა მხარდაჭერით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამ კანონის შესახებ ინიციატივაც კი არის დამაკნინებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი არ გავა, მაგრამ თავად ეს ინიციატივაც კი მავნებელია და სრულიად უსაფუძვლო’’,- განუცხადა knews.ge-ს ქეთი მოლაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე 260 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დაუცველი დარჩეს მოწყვლადი ჯგუფები.
“მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს”, – წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ.
“ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ. ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე”,– მიიჩნევენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები.
კანონპროექტის შესახებ საუბრობენ სამთავრობო პარტიის წარმომადგენლები. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრინციპების დონეზე შეთანხმდნენ და უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ფრაქცია მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამასთან, მდინარაძის თქმით, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. მისი განცხადებით, თუკი ვინმე ამბობს, რომ კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, “უბრალოდ იტყუება”.
,,როდესაც ადამიანი თუ ორგანიზაცია რაღაცის აგენტად ფიქსირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე აკრძალულს, არაკანონიერს ან ცუდს აკეთებს – „ქართული ძალის“ კანონპროექტი ნათარგმნია ამერიკულიდან, სადაც „აგენტი“ ჰქვია და ეს სიტყვა სწორედ იქიდანაა,” – განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილის შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის შესახებ აღშფოთება ტერმინმა გამოუწვია და ჩანს, რომ პრობლემა ტერმინშია.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას აუქმებს.
,,ეს გამჭვირვალობის კანონი არ არის, ეს არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას ამ ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი. ჩვენ ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები’’,– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.