რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – 260 NGO-სა და მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”), რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა – “ხალხის ძალამ” მოამზადა, ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული. 260 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დაუცველი დარჩეს მოწყვლადი ჯგუფები.
“მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს”,- წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ.
“ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ. ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე”, – მიიჩნევენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები.