გასულ წელთან შედარებით კახეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 4 700-ით არის შემცირებული
2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გასულ წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი 4 700-ით არის შემცირებული.
საქსტატის ოფიციალურ გვერდზე, მოსახლეობის რიცხოვნობასთან დაკავშირებით ინფორმაცია 1994 წლიდან არის განთავსებული, რომლის მიხედვითაც, კვლევის დაწყებიდან 2022 წლამდე, ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. აღნიშნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1994 წელს ქვეყანაში 4 929 900 პირი ცხოვრობდა, 2022 წელს კი ეს რიცხვი თითქმის 1 მილიონზე მეტით არის შემცირებული და შეადგენს 3 688 600 მოსახლეს.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლისთვის საქართველოში 3 688 647 მოსახლიდან, მამაკაცი 1 769 995-ია, ხოლო ქალი 1 918 652. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, 1994 წელს აქ 456 300 მოსახლე ცხოვრობდა, 2022 წელს კი 304 900 პირი ცხოვრობს. რაც 151 400-ით ნაკლებია მაშინდელ მონაცემებთან შედარებით.
კახეთის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა ბოლო სამი წლის მიხედვით: 2020 წელი- 310 100 მოსახლე, 2021 წელი- 309 600 მოსახლე, 2022 წელი- 304 900 მოსახლე.
აღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდება. გასულ წელთან შედარებით წელს, კახეთში მცხოვრები რაოდენობა 4 700-ით არის შემცირებული. ბოლო სამი წლის მონაცემებით, ქალაქსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაც შემცირებულია: 2020 წელს კახეთის რეგიონში ქალაქებში ცხოვრობდა 70, 700 მოსახლე, ხოლო სასოფლო დასახლებებში 239 400, 2021 წელს რეგიონში ქალაქურ დასახლებებში ცხოვრობდა 70 900 მოსახლე, ხოლო სასოფლო დასახლებებში 238 600, 2022 წლის იანვრის მონაცემებით, ქალაქური ტიპის დასახლებებში ცხოვრობდა 69 900 მოსახლე, ხოლო სასოფლო დასახლებებში 235 000 მოსახლე.
კახეთში მცხოვრები ახალგაზრდების თქმით, მიგრაციის და ტვინების გადინების პროცესი წლებია გრძელდება. მათი თქმით, ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებულ პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული, თუმცა ამ კუთხით გამოწვევები ისევ არსებობს.
,,მე დავესწარი შეხვედრას, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ სხვადასხვა სახის უწყებები გაერთიანდნენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. აქ საუბარია მაგალითად უნარების სააგენტოზე, პროფესიულ სასაწავლებლებზე და სხვადასხვა უწყებებზე, მათ შორის ახალგაზრდობის სააგენტოზე. მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა, რომელიც ამ მიმართულებით ასრულებენ სხვადასხვა სახის საქმიანობას, კოორდინირებულად იმუშაონ. მაგალითად: ჩვენ, ახალგაზრდული მუშაკები, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეჯ ,,აისთან”. ჩვენ მათ ვაკავშირებთ ახალგაზრდებთან. გარდა ამისა, არის ბევრი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მაგალითად უნარების და დასაქმების სააგენტოები და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენთან თანამშრომლობდნენ და ვცვლიდეთ ინფორმაციებს. ამ პროცესში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაც უნდა იყოს ჩართული. ამიტომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რომ შევაჩეროთ მიგრაცია და მეორე მხრივ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების დაკავებას ადგილზე”,- განუცხადა Knews.ge-ს ახალგაზრდულმა მუშაკმა გიორგი ედიშერაშვილმა.
სწორედ მაღალი მიგრაციის გამო, როგორც კახეთში, ისევე დედაქალაქში და სხვა რეგიონებში, კადრების სიმცირის პრობლემაა. ახალგაზრდების უმეტესობა რეგიონებიდან თბილისში ან საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, რაც ამ პრობლემას ყოველდღიურად უფრო ამწვავებს. კადრების დეფიციტი სარესტორნო ბიზნესს განსაკუთრებით შეეხო. აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ როგორც დამსაქმებლები, ისე ექსპერტები და იმ არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული მიმარულებით საქმიანობენ.
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბოლო ორ წელიწადში სარესტორნო ბიზნესი 20 000-მდე დასაქმებულმა დატოვა. მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი რეგიონის ან ერთი სფეროს პრობლემა და პარადოქსულია ის, რომ ქვეყანაში ამდენი უმუშევარი ადამიანია და ჭირს არა სამუშაო ადგილები, არამედ მუშახელი. შოთა ბურჯანაძე ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავედ რეგიონებში იკვეთება.
,,დღეისთვის ჭირს ის კადრები, რომელიც შეიძლება იყოს დასაქმებული. რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესს და პრობლემებს, მე პანდემიის დაწყებიდან ვსაუბრობდი, რომ ჩვენ შეგვექმნებოდა კადრების სიმცირე, იმიტომ რომ ჩვენმა სფერომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პანდემიის პერიოდში. ის ხალხი კი რომელიც დასაქმებული იყო, გადავიდა სხვა სფეროში სამუშაოდ ან წავიდა ქვეყნიდან. ეს დანაკლისი კი აისახა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესზე. კახეთშიც არის მსგავსი პრობლემები. ანუ კადრების სიმცირე რეგიონებში უფრო არის ვიდრე დედაქალაქში. ამის გადაწყვეტის გზა არის შემდეგი: ამაში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. სტუმარ -მასპინძლობის სერვისი დღეს ტურისტულ ბიზნესთან ერთად ის მიმართულებაა, სადაც უნდა გაიზარდოს კადრი პროფესიულად ბიზნესთან ერთად. ამაში სახელმწიფოს და ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ გაიზრდოს პროფესიული კადრი. როდესაც სახელმწიფო ვითარდება და შესავსებია პირველ რიგში კადრები, ხშირად ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან კადრების ჩამოყვანა. დღეისთვის ეს ხორციელდება უკრაინის და იქიდან ჩამოსული მიგრანტების ხარჯზე. ეს იქნება სამშენებლო თუ სარესტორნო ბიზნესში. ადგილზე არ არსებობს შესაბამისი კადრები და აუცილებელია სხვა ქვეყნიდან კადრების მოზიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ესა თუ ის ბიზნესი უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს”,- განუცხადა Knews.ge-ს შოთა ბურჯანაძემ.
ბოლო რამდენიმე წელია კვალიფიციური კადრების სიმცირეზე საუბრობენ კახეთშიც. თელავში მცხოვრები მეწარმე მაკა ჩაველაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის და ტურიზმის კუთხით მუშაობს. ის სულ მალე ახალი სტარტაპ იდეის განხორციელებას ,,ღვინის ციფრული მუზეუმის” შექმნას გეგმავს. მაკა აღნიშნავს, რომ მუზეუმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა უკვე დაიწყეს, თუმცა კვალიფიციური მშენებლების სიმცირის პრობლემას წააწყდნენ.
,,ჩვენ ვგეგმავთ ჰოლოგრამების გამოყენებით ციფრული მუზეუმის შექმნას. აქ იქნება განთავსებული ინფორმაცია ღვინის დაყენების საწარმო პროცესებზე, რადგან ვფლობთ ვენახს. გარდა ამისა, როცა ღვინის წარმოება ხდება, ნარჩენები: ლექი და სხვადასხვა მასალები, მიდის ნაგავსაყრელზე. ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ხელოვნებაში. მუზეუმის შექმნისთვის დავიწყეთ სამუშაოები უკვე, თუმცა ერთადერთი გამოწვევა არის მუშახელის და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სამშენებლო კუთხით. ამ კუთხით მოთხოვნა რეგიონში არის ძალიან მაღალი. შეიძლება იყოს რომელიმე სამშენებლო კომპანია, მაგრამ ხშირად კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანების დაქირავება გვჭირდება. ამ მიმართულებებს მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს. არის რეგიონში კარგი კოლეჯები და ახალგაზრდებს შეუძლიათ აირჩიონ. უნდა მოხდეს მეტი მუშაობა და ინფორმაციის მიწვდა ახალგაზრდებისთვის. ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემაა რეგიონში. უნდა მოხდეს საკითხის კარგად დამუშავება, შესწავლა და მოგვარების გზების ძიება”,-აღნიშნავს მაკა ჩაველაშვილი Knews.ge-სთან საუბრისას.