თელავის უნივერსიტეტის პროფესორები, საფერავის ღვინის მიკროზონებისთვის ენდემური საფუარების წარმოების საკითხზე იმუშავებენ
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები საფერავის ღვინის მიკროზონებისათვის ენდემური საფუარების წარმოების საკითხზე იმუშავებენ.
კვლევითი პროექტი ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება. სამეცნიერო კვლევები, ბიოტექნოლოგიისა და ბიოლოგიური სისტემების ინჟინერიის მიმართულებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდება.
პროექტის ხელმძღვანელის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ნინო ვეფხიშვილის განმარტებით, კვლევის შედეგი, ღვინის ინდუსტრიას ახალ საფეხურზე გადაიყვანს.
“კვლევის მიზანი, ჩვენი კულტურული საფუარის შექმნაა. საქართველოში საფერავის ჯიშის ვაზის ათი მიკროზონაა და ბოლო დროს, დამკვიდრდა, უცხოური საფუარების გამოყენების პრაქტიკა. კვლევის შედეგად, ენდემური საფუარების გაწმენდა, თვისებების შესწავლა და წარმოებაში მათი დანერგვა მოხდება. ჩვენი მიზანია, ყველა მიკროზონას საკუთარი კულტურული საფუარი ჰქონდეს. ეს იქნება ღვინის ბიზნესის ახალი საფეხური და შესაბამისად, გამოადგება ქვეყნის ეკონომიკას”,- განაცხადა ვეფხიშვილმა.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მაგდა დავითაშვილი განმარტავს, რომ პროექტში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მკვლევარებიც მონაწილეობენ.
“ეს არის, ბიოტექნოლოგიის მიმართულებით დაფინანსებული პირველი პროექტი თელავის უნივერსიტეტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევებში ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიურ დეპარტამენტი დაგვეხმარება და პროექტში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, თელაველი გიორგი სონღულაშვილიც მონაწილეობს”,- განაცხადა დავითაშვილმა.
მკვლევართა ჯგუფმა, შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსზე, პროექტი 2022 წელს წარადგინა. პროექტი, 515 განაცხადიდან შერჩეულ, 113 გამარჯვებულს შორის მოხვდა. პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი პარტნიორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც იქნება.