მთავრობა წელს 20 000 სოციალურად დაუცველის დასაქმებას გეგმავს
მთავრობა წელს საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით 20 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქის დასაქმებას გეგმავს.
ამის შესახებ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან და მის მოადგილეებთან გამართულ სამუშაო თათბირზე აღინიშნა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ჩაერთო.
სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა. პრემიერმინისტრის თქმით, 200 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი საჯარო და კერძო სექტორში, მომდევნო 2-3 წელში დასაქმდება.