პლასტმასის გადამამუშავებელი სათამაშო ქარხნის ბოქსი- გურჯაანში მცხოვრები ახალგაზრდას იდეა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრებმა საბა მანიჟაშვილმა, რომელიც მე-10 კლასში სწავლობს, პლასტმასის გადამამუშავებელი სათამაშო ქარხნის ბოქსი შექმნა.
ახალგაზდა ამბობს, რომ იდეა გულისხმობს გამოუყენებელი პლასტმასის გადამუშავებას, რომლისგანაც შემდეგ შესაძლებელია სხვა ნივთების დამზადება.
,,ვსწავლობ სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მეათე კლასში. გურჯაანის ტექნოპარკით 1 წლის წინ დავინტერესდი და მას შემდეგ ყველა ტრენინგში ვიღებ მონაწილეობას. ასევე 8 წელია ვარ ილუზიონისტი. პლასტმასის გადამამუშავებელი სათამაშო ქარხნის ბოქსის იდეა- გულისხმობს მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი აპარატის წარმოებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მსურველს შესაძლებლობა ექნება, გადაამუშავოს, ჩამოასხას და დაამზადოს ნებისმიერი დიზაინის თუ ფორმის პლასტმასის ნივთები”,– განუცხადა Knews.ge-ს საბა მანიჟაშვილმა.
ახალგაზრდა აცხადებს, რომ 2 წელზე მეტია სახლში თავისი დიზაინით აწყობილი გადამამუშავებელი ბოქსი აქვს, რისი დახმარებითაც პლასტმასისგან სხვადახვა ნივთებს ამზადებს. მისი თქმით, ამ ბოქსის მთავარი მიზანი გარემოს დაბინძურების რისკის შემცირებაა.
,,2 წელზე მეტია რაც მე ჩემს სახლში პლასტმასისგან ვამზადებ სხვადასხვა სახის ნივთებს ჩემივე შექმნილი პატარა აპარატის დახმარებით. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა და ინიციატივა, რომ ეს ბოქსები შეეძლოს ყველას, რომ სახლში ჰქონდეს. გარდა ამისა, იმ კომპანიებს, რომლებსაც ხშირად აქვთ პლასტმასთან შეხება,ეს დაეხმარება რომ დაამზადონ სხვადასხვა ნივთები”,- აცხადებს საბა.
საბამ აღნიშნული იდეით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ფაბლაბი ტექნოპარკის, გურჯაანის, თელავის ტექნოპარკების, ახმეტის ინოვაციების ცენტრის ინიციატივით და კომპანია ქლევერტონის ორგანიზებით ჩატარებულ სმარტ სათამაშოების მეიქათონში მიიღო მონაწილეობა და 1000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. პროექტის მიზანი იყო საქართველოში წარმოებულ სათამაშოებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ელემენტების დანერგვა. საბა მანიჟაშვილი ჟიურის წევრ ნინო რაზმაძის რჩეული გახდა და კომპანია Gogora • გოგორას სახელით ჯილდო გადაეცა.
,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია გოგორას, რომელმაც გადმომცა ჯილდო. ის გულისხმობს ჩემს მიერ შექმნილი პროტოტიპის საბოლოო ვერსიამდე მიყვანას. გარდა ამისა, მათი რჩევები მე დამეხმარა იდეების სწორ გენერირებაში. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გავაკეთებ ამ პროტოტიპის საბოლოო ვერსიას, რომლის წარმოებასაც შემდეგ მოვახდენ.
მსგავსი საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ იაქტიურონ, ჩაერთონ მსგავს აქტივობებში. ეს მათთვის იქნება დიდი გამოცდილება და მიღებულ ცოდნას მომავალშიც გამოიყენებენ. ისინი ასევე შეძლებენ შექმნან თავიაანთი პროდუქტი და მოახდინონ რეალიზაცია.”
ახალგაზრდა ამბობს, რომ როცა შეძლებს ბოქსის პროტოტიპის დამზადებას, ის გეგმავს სხვა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობს მიღებას, რომ მოწყობილობის გასაყიდად წარმოება დაიწყოს.