მოსახლეობის 62%-ის აზრით, საქართველოს არასწორი მიმართულება აქვს არჩეული – IRI-ს გამოკითხვა
IRI-მ საქართველოს მოსახლეობაში სხვადასხვა საკითხებზე გამოკითხვა ჩაატარა.
ერთ-ერთი საკითხი ქვეყნის მიმართულება იყო და კითხვაზე – სწორი მიმართულება აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას არჩეული, პასუხები 2013 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე ცვალებადია:
თუ 2013 წელს მოსახლეობის მხოლოდ 13% თვლიდა, რომ ქვეყანას არასწორი მიმართულება ჰქონდა არჩეული, ეტაპობრივად ეს მონაცემი გაიზარდა – მაგალითად, 2016 წელს იგივე პასუხს 70% აფიქსირებდა, რაც კვლევის რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად კი საქართველოს მოსახლეობის 62% თვლის, რომ ქვეყანას არასწორი კურსი აქვს არჩეული.
ხოლო მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანას სწორი კურსი აქვს არჩეული, პირიქით – მცირდება, კერძოდ, თუ 2013 წელს 57% თვლიდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, 2023 წელს ეს ამ პოზიციის მქონე მოსახლეობის რაოდენობა 30%-ია.
ცნობისთვის: კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.