შსს ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა ეფექტურად იმუშაოს.
აღნიშნულის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებულ პრევენციულ ბერკეტს, როგორიც არის შემაკავებელი ორდერი, წლიდან წლამდე მაღალ ნიშნულს ვინარჩუნებთ მსგავსი ორდერების გამოცემის, ასევე სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.
გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში უწყვეტად მიმდინარეობს გადამზადება ჩვენი თანამშრომლების იმისათვის რომ, თითოეული შემთხვევა ყურადღების მიღმა არ დარჩეს, თითოეულ ძალადობის ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება, მიუხედავად პროგრესისა, მიუხედავად მაქსიმალური მობილიზებისა, სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან, ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრო თვალს უსწორებს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში კვლავ არის.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვუსწორებთ იმ გამოწვევებს რაც კვლავ გვაქვს და ვხედავთ გამოსავალს თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს – ეს არის ჩვენი ერთიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი განვითარებული ქვეყნის გამოწვევაა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც პოლიციას სჭირდება საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, დუმილი ამ ტიპის დანაშაულის ყველაზე დიდი წამახალისებელი ფაქტორია, ძალადობასთან წარმატებით საბრძოლველად უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ თუ იძალადა მკაცრად დაისჯება. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაითავისოს რომ თუ დანაშაულს დამალავს და თვალს დახუჭავს ამით დამნაშავის მხარდამჭერი გახდება და ყველამ უნდა გაიაზროს და იცოდეს რომ მას შეუძლია შეაჩეროს მოძალადე. ეს გამოწვევა ყველას გვეხება და ის არ არის განცალკევებით რომელიმე ერთი უწყების.
პოლიციის, მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოს, განათლების სისტემის პრობლემა – ეს ყველას, ჩვენი დიდი გამოწვევაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით გააგრძელებს ღონისძიების გატარებას რათა მივიღოთ მეტი ნდობა, მეტი მომართვიანობა, გამოვიწვიოთ ამ თემაზე საზოგადოების სიფხიზლე და ერთად შევძლოთ მეტი ქალის დაცვა.
მჯერა რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით, გავერთიანდეთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ვთქვათ, რომ არა ქალზე ძალადობს”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით – “არა ქალზე ძალადობას!“
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – თამილა ბარკალაიამ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – მიხეილ სარჯველაძემ.