ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თელავში აქცია გაიმართა
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა მოძრაობამ და სოლიდარულმა ჯგუფებმქ, ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორი, ,,საფარის” ადვოკატი, ქალთა მოძრაობის წევრი მარი ზურაბაშვილი აცხადებს, რომ მათი მიზანია, შეიცვალოს საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოიფხვრას გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და ქალები მეტად იყვნენ დაცული სქესობრივი დანაშაულებისგან.
,,ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან – სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში. ქალის ნამდვილი თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.
ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა. ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს, მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. ჩვენ მოვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისაგან დაცვა დღეს არსებული კანონით”,- განუცხადა Knews.ge-ს მარი ზურაბაშვილმა.