როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ბერლინში აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი. ფილმი “დოლმის დღიურები”
დოლმის დღიურები
სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ქირაობენ ბინას ბერლინში – ასე ჟღერს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხუმრობის დასაწყისი. და სწორედ ამ ფორმით დაიწყო ახალი ვებ სერიები “დოლმის დღიურები.” [ქართულად “ტოლმის დღიურები”]
აქტივისტთა და ტელეჟურნალისტთა ჯგუფმა სამხრეთ კავკასიიდან და გერმანიიდან გადაწყვიტა შეეწინააღმდეგოს რეგიონში მტრის ხატსა და იმიჯს – განსაკუთრებით ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში – გამოგონილი ნარატივით და იუმორით.
რვა ეპიზოდი დაიწერა 2017 და 2018 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. 2021 წლის ზაფხულში, პირველი ეპიზოდი გადაიღეს ბერლინში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც ვირუსული გახდა ინტერნეტში 2022 წლის ოქტომბრიდან.
აქ შეგიძლიათ ნახოთ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სერია. ასევე წაიკითხეთ ინტერვიუ სერიალის პროდიუსერ ოლივერ მუზერთან, რომელიც მან JAMnews-ს მისცა.
როგორ გამოჩნდა სერიალი “დოლმის დღიურები”?
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა დავბრუნდეთ 2015 წელს. კოორდინაციას ვუწევდი სამშვიდობო პროექტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. კონფლიქტის შემდეგ მომავალზე ვიმსჯელეთ და ჯგუფის წევრები უმეტესწილად ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ.
შემდეგ კი, პროექტის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში, 2016 წლის აპრილში დაიწყო შეტაკებები. ინტერნეტში ნაციონალისტური სიძულვილის ტალღა წამოვიდა ერთმანეთის მიმართ.
მაშინ ბევრს, მათ შორის მეც, იმედგაცრუების განცდა გაგვიჩნდა. აშკარად ჩანდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა მცდელობამ ერებს შორის ერთმანეთთან დაახლოებაზე ძალიან მცირე გავლენა იქონია. ამას მოჰყვა ფიქრი იმაზე, თუ რას შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად გავლენა ადამიანებზე. ეს იყო ნეტფლიქსის ეპოქის მწვერვალი და სწრაფად გაირკვა, რომ ონლაინ გასართობ სერიალს ახალგაზრდების გულსა და გონებაში მიღწევის შანსი ჰქონდა.
ამგვარად, გაჩნდა იდეა, შეექმნათ ერთობლივი სომხურ-აზერბაიჯანულ-ქართული კომედიური სერიალი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მტრის ხატებს და ადამიანებს ერთმანეთს დაანახებდა. აუდიტორია მოდიოდა ხუმრობების საყურებლად და რჩებოდა პერსონაჟების სანახავად.
იდეა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოეწონა. მათ დააფინანსეს სცენარის შემუშავება, რომელიც ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ავტორებთან – ფაზილ ალიევთან, არტემ პეტროსიანთან, გიორგი ჯავახაძესთან და დიტო ცინცაძესთან ერთად დავწერეთ.
თუმცა, წარმოებისთვის დაფინანსების მოპოვება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. კომედიური სერიალი არც თუ ისე ნაცნობი ფორმაა ბევრი დონორი ორგანიზაციისთვის. მე ვფიქრობ, რომ ისინი საკმაოდ უფრთხილდებოდნენ ზოგიერთ ხუმრობას, რომელიც ჩვენ გვქონდა სცენარში და შესაძლოა, მათთვის პოლიტიკურად კორექტული არც იყო.
ასე რომ, ორი წლის განმავლობაში სრული უძრაობა იყო. ჩვენ ლამის უარი ვთქვით სერიალზე, როდესაც Friedrich Ebert Stiftung-ის რეგიონული ფილიალი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მხარს დაუჭერდნენ საპილოტე ეპიზოდის წარმოებას.
მაგრამ შემდეგ დაიწყო ყარაბაღის მეორე ომი, რომელმაც ბოლო მოუღო ყველა გეგმას, რაც კი მანამდე არსებობდა.
2021 წელს გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა საპილოტე ეპიზოდის გადაღება, მაგრამ აშკარა იყო, რომ სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ასე რომ, ჩვენ შევცვალეთ სცენარი, წავშალეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ზედმეტად არაპოლიტკორექტული ყოფილიყო; მათ გამოუშვეს საპილოტე სცენარი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე შესავალი სცენისგან მსუბუქი იუმორით, ახალი ეპიზოდების პოპულარიზაციისთვის.
2021 წლის ზაფხულში, ბერლინში, გადაღებებზე ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძე დაგვეხმარა – გადაღების დღეებში მან თავისი გამოცდილებით საქმე ძალიან გაგვიმარტივა, რადგან გადამღები ჯგუფის დანარჩენ წევრებს, მათ შორის მთავარ მსახიობებს, მანამდე მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ.
შემდეგ იყო ინსტალაციის ხანგრძლივი პროცესი. დავამატეთ ბექა ბუჩუკურის მიერ დაწერილი მუსიკა და აზერბაიჯანელი მხატვრის, ფიდან ახუნდოვას ანიმაცია. ასე რომ, ჩვენ საბოლოოდ დავასრულეთ პირველი სერია 2022 წლის გაზაფხულზე.
იდეალურ შემთხვევაში, მომავალში უფრო მეტი ეპიზოდის გამოშვებას შევძლებთ – ბევრი ადამიანი ყოველ კვირას უყურებს ახალ ეპიზოდს და სულ უფრო მეტად ერთვება პერსონაჟების ცხოვრებაში, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან. ამასთან ერთად, უფრო და უფრო რთული იქნება მთელი ერის სიძულვილი, როცა თანაუგრძნობ ამ ქვეყნის პერსონაჟებს, იცინი მის ხუმრობებზე და უკეთ იგებ ამ ამბის მის ნაწილს.
იხილეთ ვრცლად მასალა:
როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ბერლინში აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი. ფილმი “დოლმის დღიურები”