ახალი ამბები

ნასოფლარების მხარე- რეპორტაჟი მიტოვებული, დაცლილი თრუსოს ხეობიდან

თრუსოს ხეობა კავკასიონის მთავარ ქედსა და ხოხის ქედს შორის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ჩრდილოეთით რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ რესპუბლიკას – ჩრდილოეთ ოსეთს ესაზღვრება.

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, ხეობაში შემავალ 19 სოფელში ჯამში 29 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა, მათი უმეტესობაც მხოლოდ სეზონურად რჩება ხეობაში.

ზამთარი თრუსოში მკაცრი და თოვლიანია. აცივდება თუ არა, ხეობა ყრუდ იკეტება. ბევრ სოფელში დღემდე არ არის შუქი და გაზი და სხვა თანამედროვე კომუნიკაციები. ზოგ სოფელში ისეთი გზაა, რომ მანქანა ზაფხულშიც ვერ მიდის და ერთადერთი ტრანსპორტი ცხენია.ზაფხულობით ხეობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან მოხევეები ჩამოდიან – ჩამოჰყავთ ცხვარი, საქონელი, რომ აქაური ალპური ზონის ნოყიერი ბალახი მოაძოვონ.

რამდენიმე წლის წინ თრუსოს ხეობის სოფლები უმეტესად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. როგორც ოსები ჰყვებიან, 65 ოსური გვარის სამშობლო სწორედ თრუსოა. აქ დღემდეა შემორჩენილი ოსური სალოცავები, საგვარეულო კოშკები, საფლავები. აქაურ სოფლებს ორ-ორი სახელი აქვს – ქართველები სხვას ეძახიან, ოსები – სხვას.

ქართველებიც და ოსებიც, ძველ ცხოვრებას ნოსტალგიით იხსენებენ. ამბობენ, რომ კონფლიქტი და გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, იქმნებოდა შერეული ოჯახები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანების დასაწყისში, ქართული ნაციონალისტური განწყობების ზრდის ფონზე საქართველოში დაიწყო ქართულ-ოსური ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც 1990-1992 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს ხეობიდან ოსების მასოვრივი გადინება დაიწყო.

“90-იან წლებში დაიწყო საერთოდ ქართულ-ოსური დაპირისპირება. თრუსოს ხეობა კი არ დაიცალა მარტო, მთელი საქართველო დაიცალა ოსებისგან: ქვემო ქართლი, მთელი კასპის რაიონი, ბორჯომის ხეობა, ბაკურიანი, მიტარბი, კახეთი. აქ ყველაგან ცხოვრობდნენ ოსური ოჯახები და დაიცალა მათგან ეს რეგიონები. არ ვლაპარაკობ უშუალოდ სამხრეთ ოსეთზე, სადაც ომი და საშინელი სისხლისღვრა მიმდინარეობდა. ეს იყო ქართულ ნაციონალიზმზე რეაგირება. ქართველი ნაციონალისტები, რომლებსაც მაშინ „არაფორმალებს“ ეძახდნენ, აშკარად ედავებოდნენ ყველგან ეთნიკურ ოსებს ბინებს, სახლებს. დაიწყო ოსების გეგმაზომიერი ეთნიკური წმენდა, რაც მერე ქართველებს ათმაგად დაგვიბრუნდა უკან, როდესაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა მოხდა. ჯერ ქართველებმა მოახდინეს ოსური სოფლების დაცლა, მერე უკვე ოსებმა გვიპასუხეს და დააცლევინეს ქართველებს ქართული სოფლები,” – ჰყვება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

თრუსოს ხეობიდან მიგრაციის მეორე ტალღა 2006 წელს მას შემდეგ აგორდა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და რუსეთთან დამაკავშირებელი ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკეტა. ორ წელიწადში, 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ პერიოდში ხეობა, ფაქტობრივად, სრულად დატოვეს ოსურმა ოჯახებმა.

ვრცლად მასალა:

http://project.jam-news.net/truso_nasoplarebismxare?fbclid=IwAR30MzyISqOg55mdmd6MWLxkspzYUg0HScglRMFKCBtQitvdl4Oykz7efZE