როგორ მუშაობს მცირე ბიზნესი პანკისის ხეობაში
ბოლო რამდენიმე წელია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფლებში მცირე მეწარმეობა აქტიურად იკიდებს ფეხს. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადგილობრივი ერთვება საგრანტო კონკურსებსა თუ მიმდინარე პროექტებში.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იზა ბექაური აცხადებს, რომ მცირე ბიზნესის დაწყების მსურველთა რიცხვი პანკისში გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია. მისივე განმარტებით, სწორედ მცირე მეწარმეობის განვითარების კუთხით მოქმედი ობიექტების გაზრდილი რაოდენობა ხელს უწყობს ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა სახის სერვისების შექმნას და ადგლობრივების დასაქმებას.
იზა ბექაური knews.ge-სთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი მცირე მეწარმეობის განვითარების კუთხით პანკისის სოფლებში აქტიურად მუშაობს.
,,ტურიზმის კუთხით პანკისის ხეობაში ხორციელდება ბევრი პროექტი, როგორც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თანადგომით. ჩვენი ორგანიზაცია ტურიზმის კუთხით აცხადებს სხვადასხვა საგრანტო კონკურსს, ადგილობრივები კი ინტერესდებიან, შემოაქვთ განაცხადი, უფინანსდებათ და საკმაოდ კარგად მუშაობენ.
მსურველები ტურიზმის კუთხით სხვადასხვა ტრენინგებს გადიან იმაზე, თუ როგორ მართონ ბიზნესი, როგორ განათავსონ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, როგორ მოიზიდონ მეტი ტურისტი და სხვა. ასევე, მეწარმეობის კუთხითაც ცხადდება კონკურსები. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ქალებთან მცირე ბიზნესის ხელშეწყობის და მეწარმეობის განვითარების მიმართულებით. მსურველებს კი, ვისაც ამ კუთხით მუშაობა უნდა, თუ ჩვენ ვაცხადებთ, მოგვმართავენ თუ არადა სხვასთან ვამისამართებთ. გარდა ამისა, იდეების დაფინანსების გარდა, საქმიანობის დაწყების შემდეგ ასევე ხელს ვუწყობ ყველას, რომ სხვადასხვა გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა და თავიაანთი ნაწარმის რეალიზება მოახდინონ’’,- განაცხადა იზა ბექაურმა.
მისივე განმარტებით, პანკისის ხეობის თითქმის ყველა სოფელში ადგილობრივები ცდილობენ მეწარმეობის კუთხით მეტი გააკეთონ. იგი ასევე აცხადებს, რომ ადგილობრივები ძირითადად ყველის და რძის წარმოების, კულინარიის, ჩეჩნური ტრადიციული სამზარეულოს და სხვა მიმართულებით საქმიანობენ.
,,ხეობის თითქმის ყველა სოფელში აქტიურად მუშაობენ მცირე ბიზნესის კუთხით. ჯოყოლო, დუისი, ბირკიანი, წინუბანი და სხვა. ეს არის ყველის წარმოება, სამკერვალო, თაფლის წარმოება, კულინარია, ჩეჩნური ჰალვის წარმოება, მაღაზიებში ჩაბარება და, სხვადასხვა საქმიანობა ტურიზმის განვითარებისთვის . ასევე გვაქვს დამატებითი კურსი კულინარიაში და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ არამარტო პანკისში, ასევე ახმეტაში და ყარაჯალაში, სადაც სამკერვალოების და პურის საცხობების იდეები დავაფინანსეთ.
ახლა მიმდინარეობს ახალი პროექტი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ არის დაფინანსებული. ქალთა სამი ჯგუფი უკვე შედგა პანკისში, რომლებიც გაივლიან სხვადასხვა ტრენინგებს, მოამზადებენ საპროექტო განაცხადებს და გამოცხადდება კონკურსი. ასევე, 1 ივლისიდან იგეგმება ორი მასშტაბური პროფესიული კურსი, ეს იქნება ჭრა-კერვის და კულინარიის კურსი ახმეტასა და პანკისში. მონაწილეებმა ოთხთვიანი კურსი უნდა გაიარონ, რომ შემდგომ მცირე ბიზნესის კუთხით გამოცხადებულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.’’
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ნაზი დაქიშვილი მცირე მეწარმეობით 2013 წელს დაინტერესდა. პროფესიით იურისტმა, თბილისიდან სოფელში ჩამოსვლა გადაწყვიტა და შექმნა 15 სტუმარზე გათვლილი „ნაზის საოჯახო სასტუმრო”, რომელიც ყველა ტურისტის მოწონებას იმსახურებს.
მისი განცხადებით ხეობის ტურისტული პოტენციალი უცხოელებისთვის მიმზიდველია. საოჯახო სასტუმრო, რომელიც 2013 წელს დაარსდა, მსურველებს სათავგადასავლო ტურებს და სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს.
,,საოჯახო სასტუმროს შექმნის და პანკისში ტურიზმის განვითარების კუთხით მუშაობის იდეა მოვიდა, დაახლოებით, 10 წლის წინ. ხეობასთან დაკავშირებით გავრცელებული სტერეოტიპების შესაცვლელად საუკეთესო გზა იქნებოდა ხალხის პანკისში ჩამოყვანა. 2012 წელს გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი თბილისიდან და გამეხსნა საოჯახო სასტუმრო. მაშინ გამოცდილება არ მქონდა ამ კუთხით და ამიტომ გადავწყვიტე მემოგზაურა საქართველოში, მენახა როგორ მართავდნენ საოჯახო სასტუმროებს სხვაგან. ნაზის საოჯახო სასტუმრო სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს ტურისტებს: გვაქვს საცხენოსნო, კულტურული და საფეხმავლო ტურები, ველო და სამთო ველო ტურები ადგილობრივ მთებში. ასევე, გვაქვს გასტრონომიული ტურები და ტურისტებს ვთავაზობთ მასტერკლასებს, რომ ისწავლონ ტრადიციული ჩეჩნური სამზარეულო. გარდა ამისა, გვაქვს საკონფერენციო სივრცეც.
ჩვენთან მოსულ ტურისტებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსაბლის კონცერტებს და მასტერკლასებს ვთავაზობთ. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რიცხვი ჩვენთან., ძირითადად მოდიან ევროპის ქალაქებიდან, ადგილობრივები კი _ნაკლებად.
ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის აქტიურები ვართ ადგილობრივ და საერთაშორისო სოციალურ ქსელებში და ვებგვერდებზე. სწორედ ამიტომ ჩამოდიან ხშირად საერთაშორისო ვიზიტორები. პანდემიის პერიოდი ჩვენ ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ტურისტებს შევთავაზეთ ახალი მომსახურება, ეს არის გასტრონომიული ტური, რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ჩეჩნური და ქისტური სამზარეულო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პანკისის ხეობის მონიშვნა მოხდა საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, ეს კი დიდი მიღწევაა’’,- განუცხადა KNEWS.GE-ს ნაზი დაქიშვილმა.
ნაზისგან განსხვავებით, მცირე მეწარმეობის კუთხით ახლა იწყებენ აქტიურ მუშაობას პანკისელი კერამიკოსი ქალები. სახელოსნო, სადაც ისინი სხვადასხვა სახის ხელნაკეთ სუვენირებს, ჭურჭელს და სხვა ნამუშევრებს ამზადებენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მოქმედებს. ამ დროისთვის აღნიშნულ საქმიანობაში 20-მდე ადგილობრივი ქალია ჩართული. კერამიკოს ქალთა სახელოსნო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ჰანოვერის ქართული სათვისტომოს და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი KRDF-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, იზა ბექაური აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში გადამზადება 20-მდე ქალმა გაიარა. ისინი სისტემატიურად აგრძელებენ მუშაობას და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, რომელსაც შემდეგ ყიდიან.
,,ქალებმა გაიარეს ტრენინგები, გადამზადდნენ და დაიწყეს მუშაობა. ისინი სხვადასხვა გამოფენაში იღებენ მონაწილეობას და ეს მათთვის დიდი სტიმულია. ახლაც აგრძელებენ მუშაობას, რომ ტურისტული სეზონისთვის მზად იყვნენ და მათ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ.თავიდან 20-მდე ქალი იყო ჩართული, ისინი ყოველდღე მოდიან და მუშაობენ. მათ აქვთ თავიანთი შტამპი, რომლის დახმარებითაც ნამუშევრებს საკუთარ სახელებს აწერენ. შემდეგ იციან ვისი პროდუქციაც იყიდება და აქედან რაღაც პროცენტს ტოვებენ, რომ ახლიდან იყიდონ მასალა სამუშაოდ და დანარჩენს ხელფასის სახით იღებენ თავიანთი გაყიდული პროდუქციიდან’’,-განუცხადა knews.ge-ს იზა ბექაურმა.
კერამიკოსი გულიკო ხანგოშვილი აცხადებს, რომ თავიდან აღნიშნული საქმიანობა რთული იყო, თუმცა ახლა სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებენ, რომელიც როგორც ქართველი, ისე უცხოელების მოწონებას იმსახურებს.
,,როდესაც დაიწყო ტრენინგები, მე ამან დამაინტერესა. სახალისო იყო და განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაც. გერმანიიდან ჩამოსულმა კერამიკოსმა გვაჩვენა თავისი სახელოსნო, გვაჩვენა რას როგორ აკეთებდა. სასიამოვნოა ისიც, რომ ყველას თავისი ბეჭედი გვაქვს და ჩვენს ნსამუშევრებს სახელებს ვაწერთ. პირველ რიგში პატარა ფილები გავაკეთეთ, მაცივარზე მისაკრავები. თავდაპირველად ოჯახის წევრებისთვის ვაკეთებდით. ვამზადებდით ჯამებს ორნამენტებით, სამარილეებს, სასაპნეებს და ყოველ ჯერზე ლამაზდებოდა და იხვეწებოდა ნამუშევრები. ამან მოგვცა სტიმული.
მუშაობის დაწყებისას, ჯერ ხდება თიხის დამუშავება, მერე ფორმას ვაძლევთ და საბოლოო სახის მიცემის შემდეგ იწყება მოხატვა. ახლა ძირითადი მოთხოვნაა სამარილეებზე, რომელიც სადაა და ლამაზი. სამომავლოდ ვეცდებით, რომ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა. ვისაც შემოქმედებითი ნიჭი აქვს, აკეთებს კოშკებს, ფილებზე სხვადასხვა სახის ნახატებს და ორნამენტებს, ჭიქის სადგამებს, სხვადასხვა ფორმის კოვზებს. თანდათან იბადება იდეებიც და ვცდილობთ ახალი აღმოჩენების გაკეთებას’’,– განუცხადა knews.ge-ს კერამიკოსმა გულიკო ხანგოშვილმა.