ახალი ამბები

სოფელ კისისხევის გამოქვაბულების ნაწილის კვლევითი სამუშაოები განხორციელდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, კლდეში ნაკვეთი უძველესი გამოქვაბულების ნაწილის კვლევითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცდადა.

ტენდერში წინადადებების მიღების ვადა გასულ წელს 7 ნოემბერს უკვე ამოიწურა. როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ტენდერი იყო გამოცხადებული, გამარჯვებული კომპანია კი  აღნიშნულ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოებისთვის საჭირო თანხა 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფელი კისისხევი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სამეურნეო კულტურულ ცხოვრებაში, მასზე გადიოდა უძველესი საქარავნო გზა.

,,კისისხევში არსებული ისტორიული ძეგლები სიმრავლე გვაფიქრებინებს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი კახეთში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთ ცენტრსაც კი წარმოადგენდა. კისისხევის ტყეში უხვადაა გაბნეული ეკლესიები. ხალხი მათ „რიგის საყდრებს“ უწოდებს, საიდანაც ბილიკები გამოქვაბულებისკენ ეშვება. ერთ-ერთი მოსაზრებით მტრების შემოსევისას სოფელი ამ გამოქვაბულებს აფარებდა თავს.

კისისხევის კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელსაც ხალხი კონდამიანის ქვაბებსაც უწოდებს, მდებარეობს სოფელ კისისხევის დასავლეთით, ხეობაში. ძეგლი წარმოადგენს კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების სისტემას. ამჟამად ზოგი მათგანი ჩამონგრეულია და ერთი გამოქვაბულიდან მეორეში გადასვლა ვერ ხერხდება. მღვიმეები განლაგებულია გარკვეული სისტემით და შექმნილია, რამდენიმე ჰორიზონტალური მწკრივი”,- აცხადებენ უწყებაში.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ის არის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ძეგლი, რომლის საფუძვლიანი კვლევა და არქეოლოგიური შესწავლა აქამდე არ მომხდარა.

,,გამოქვაბულების არქეოლოგიური შესწავლა არ მომხდარა. არსებულ ტერიტორიის შესწავლა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტის შესახებ, რომლის შესწავლის შემდეგ შესაძლებელია ეს ტერიტორია გახდეს არქეოლოგიურად და ტურისტულად მნიშვნელოვანი ლოკაცია. მომსახურებას ხელმძღვანელობა უნდა გაუწიოს არქეოლოგმა, მკვლევართა ჯგუფი უნდა შედგებოდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებისგან. სპეციალისტებს სასურველია ჰქონდეთ საველე მუშაობის გამოცდილება.

პროექტში ჩართულები უნდა იყვნენ, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტებიც. გასაწევი მომსახურებები გულისხმობს: წერილობითი აღწერის მასალების მომზადებას გამოქვაბულების მდებარეობისა და განლაგების შესახებ (GPS კოორდინატების მითითებით); ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმის მომზადებას; ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით გამოქვაბულებში შეღწევას, მათი წერილობითი, ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას (კროკების მომზადება); დაზვერილი გამოქვაბულების გრაფიკული ანაზომების მომზადებას; ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული მასალის მოძიებას და ანალიზს და სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით სამეცნიერო ანგარიშის მომზადებას, საველე სამუშაოების განსახორციელებლად გამოყოფილია 15 კალენდარული დღე, ხოლო მოპოვებული მასალის დასამუშავებლად 20 კალენდარული დღე. სულ 35 კალენდარული დღე”, -წერია სამუშაოების აღწერაში.

მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის და აღნიშნული სამუშაოების განხორციელების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს ,,რორკ”-მა გამოთქვა. აღნიშნულ საკითხზე,  თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის სხდომაც გაიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ მერიისთვის შეთავაზებული თანხა 28 880 ლარს შეადგენს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი დღგ-ს გარეშე 29 661 ლარს შეადგენდა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო პირობებს, თუმცა კონკრეტული საკითხები დაზუსტებას საჭიროებდა.

ისტორიკოსების თქმით, სოფელში ნახავთ უამრავ გამოქვაბულს, ციხე-კოშკებს და საიდუმლო გვირაბებს, რომლითაც ერთ დროს კისისხევი წინანდალსა და სხვა სოფლებს უკავშირდებოდა. ისტორიის მკვლევარი, გიორგი ლაფაური განმარტავს, რომ სოფელში 100-მდე ისტორიული ძეგლია.

,,კისისხევში, ტყეში არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომლის არქიტექტურა უნიკალურია. გამოქვაბულები რამდენიმე იარუსიანია და სხვა გამოქვაბულებს უკავშირდება. იქ მოწყობილი იყო ეკლესიები, წყლის სისტემა და ჭა”,– განაცხადა გიორგი ლაფაურმა.

თელავში მცხოვრებლების თქმით, გამოქვაბულების კვლევა და მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება.

,,ძალიან კარგი იქნება თუ კისისხევის ტურისტული პოტენციალის გამოყენება მოხდება და გამოქვაბულების ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ ქართველ თუ უცხოელ მსურველს ექნება. კისისხევში ბევრი ძეგლია, რომელიც დანგრეულია, ზოგიც ინგრევა და მის შესახებ ცოტამ თუ იცის. კარგი იქნება თუ მიეხედება და აღდგება”,- აცხადებენ თელავში მცხოვრებლები.

თელავში მცხოვრები მუსიკოსი, სოსო მიქელაძე, რომელმაც კისისხევის გამოქვაბულების შესახებ ვიდეო ბლოგი მოამზადა, აცხადებს, რომ ადგილი ძნელად მისადგომია, თუმცა გამოქვაბულებიდან ულამაზესი ხეობის კადრები იშლება, რომელიც ყველას გააოცებს.

,,ექსტრემალური მომენტი იყო აქ ამოსვლა. რომ არ დამხმარებოდა მეგობარი, რომელმაც ეს გზა კარგად იცის, შეუძლებელი იქნებოდა აქ ამოსვლა. აქ იყო სავაჭრო გზები სხვადასხვა მიმართულებით და ეს ყველა ქართველმა უნდა ნახოს და იგრძნოს რა ცივილიზაციის შთამომავლები ვიყავით. ხევიდან ამოსასვლელი აქამდე შეიძლება 200 მეტრამდე იყოს სიმაღლეში. საკმაოდ დიდი გამოქვაბულებია და ინტერიერიც, როგორიც იყო ადრე კარგად ჩანს”,- აცხადებს სოსო მიქელაძე.

ნახეთ ვიდეო ბლოგი კისისხევის გამოქვაბულების შესახებ:

ლაშქრობა კისისხევის გამოქვაბულებში- თელავში მცხოვრები მუსიკოსის ვიდეო ბლოგი