პოლონეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი წესები ამოქმედდა
პოლონეთში 1-ლი დეკემბრიდან დროებითი ბინადრობის ნებართვის (czasowy pobyt) მისაღებად განაცხადის გაფორმების ახალი წესები ამოქმედდა. განაცხადები ახლა მხოლოდ განახლებული ფორმებით უნდა იქნეს წარდგენილი. ინფორმაციას 34travel ავრცელებს.
ასევე, შეიცვალა დანართებისა და ფოტოების შესახებ მოთხოვნები. კერძოდ, განაცხადს უნდა დაერთოს 35×45 მმ ზომის ორი მკაფიო, ფერადი ფოტოსურათი, რომელიც წარდგენამდე არაუგვიანეს ექვსი თვით ადრე უნდა იყოს გადაღებული. ფოტოსურათზე სახე კადრის 70-80%-ს უნდა იკავებდეს. ამასთან, ფოტოსურათი უნდა ასახავდეს კანის ბუნებრივ ფერს და მასზე თვალები და გუგები მკაფიოდ უნდა ჩანდეს.
დაზუსტდა თითის ანაბეჭდის აღების წესებიც.
ახალი მოთხოვნები მხოლოდ მიმდინარე წლის წლის 1-ლი დეკემბრიდან წარდგენილ განაცხადებზე ვრცელდება და მანამდე წარდგენილი დოკუმენტების ხელახლა შევსება საჭირო არ არის.
ამის გარდა, საერთაშორისო დაცვის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების წარმდგენ ან ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირებზე განახლებული წესები არ ვრცელდება.
ცნობისთვის: 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში მუშაობის ნებართვის გამარტივებული პროცედურები გაუქმდა. კერძოდ, თუ მანამდე მხოლოდ დამსაქმებლის მიერ სპეციალური დეკლარაციის შევსება და შრომის სამინისტროში ელექტრონულად გაგზავნა იყო საჭირო, ამიერიდან ქართველებს სტანდარტული პროცედურის გავლა მოუწევთ.

