არქიტექტორების სერტიფიცირების სავალდებულო წესი 2024 წლის მარტში ამოქმედდება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.
საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა გააცნო.
მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოქმედი რედაქციით, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლება აქვთ როგორც აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, ასევე სერტიფიცირებულ ექსპერტებს. მისი თქმით, მშენებლობის ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გუნდი და არა ერთი, თუნდაც სერტიფიცირებული საზედამხედველი ექსპერტი. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას III-IV კლასის ობიექტებზე მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ.
„კანონით დარეგულირებული იყო, რომ ზედამხედველობას ახორციელებდნენ როგორც ორგანოები, ანუ იურიდიული პირები, ასევე კერძო, ფიზიკური პირები. იქიდან გამომდინარე, რომ III-IV კლასის შენობების ტექნიკური ზედამხედველობა ერთი ადამიანისთვის, სპეციალობების თვალსაზრისით, არის რთული, გადაეცემა მხოლოდ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებსაც აქვთ საშუალება ყველა საჭირო სპეციალისტი დაიქირაონ და ყველა სპეციალისტმა თავისი საქმიანობის სფეროში მოახდინოს მოცემული მშენებლობის ინსპექტირება და ზედამხედველობა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცვლილებები შედის ასევე „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მოქმედების ვადას არეგულირებს.
ცვლილებების თანახმად, 2024 წლის 1 მარტამდე არქიტექტორებს და ინჟინერ-მშენებლებს არ ესაჭიროებათ სერტიფიცირება და შეუძლიათ განაგრძონ არქიტექტურული პროექტის დამოწმება სერტიფიკატის გარეშე.
„არქიტექტორების და მშენებელ-ინჟინრების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სფერომ და სფეროს წარმომადგენლებმა ვერ მოასწრეს აღნიშნული ცვლილებისათვის მომზადება, შემოვდივართ ინიციატივით, რომ ამ ვადამ გადაიწიოს 2024 წლის 1 მარტამდე. ამ დროისთვის ისინი მოასწრებენ მომზადებას და შესაძლებელი იქნება არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ამოქმედება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული, რამინა ბერაძე და ირმა ზავრადაშვილი. კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს.