ახალი ამბები

ავტომობილების გამონაბოლქვის ინსტრუმენტული მონიტორინგი იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ავტომობილების ვიზუალური გამონაბოლქვის ინსტრუმენტული მონიტორინგი მოხდება.

ამის შესახებ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სამართალდარღვევის აღსრულების პროცესში თავდაპირველად 10 ეკიპაჟი ჩაერთვება.

„სამართალდამრღვევი ფაქტის დადგენა ინსტრუმენტული გაზომვის შედეგად მოხდება. საწყის ეტაპზე, მინისტრის ბრძანებით, საპილოტე ქალაქები განისაზღვრება. ამ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ 10 ავტომობილი გვყავდეს, რომელიც ამ სამართალდარღვევის აღსრულების პროცესში იქნება ჩართული. რაც შეეხება ქალაქებს – მინისტრის ბრძანებით, მოხდება განსაზღვრა და იქნება გათვალისწინებული რისკები, სად შეიძლება იყოს კონცენტრირებული ავტომობილები, რომლებიც შეიძლება სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენები იყვნენ. ყველა მონაცემის შეჯერებით შევარჩევთ ამ ქალაქებს“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.