კახა გოგოლაშვილი – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოსთვისაც სარისკოა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან სარისკოა, იმიტომ, რომ თუ ესკალაცია მოხდა და გაიზარდა დაპირისპირების ხარისხი, აუცილებლად ჩაერევიან თურქეთიც და რუსეთიც.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რითაც მარტივად შეუძლია დამატებით კონფლიქტში მიიღოს მონაწილეობა, არ არის გამორიცხული, რომ მაინც ჩაერიოს. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გასასვლელი გზა რუსეთსაც და თურქეთსაც საქართველოზე აქვთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, რონდელის ცენტრის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა, როდესაც შეაფასა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
მისი თქმით, რუსეთს თავადაც აქვს აზერბაიჯანთან საზღვარი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მას მოუნდეს ჯარის კიდევ გადასროლა სომხეთში საქართველოს გავლით.
„ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ წესით არ უნდა გავატაროთ არც რუსული და არც თურქული ჯარი, მაგრამ ამ მოცემულობაში ორივეს ექნება ჩვენს მიმართ პრეტენზიები. სხვა შემთხვევაში კი, სომხეთიც და აზერბაიჯანიც უკმაყოფილონი იქნებიან და საბოლოო ჯამში, ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება ჩაგვითრიონ კონფლიქტში“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება ფაქტს, რომლის თანახმად, რუსეთი უკუსვლას განიცდის უკრაინასთან მიმართებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, მოსალოდნელია თუ არა ამის მიუხედავად მაინც ეცადოს სომხეთის დახმარებას, როგორც კახა გოგოლაშვილმა განმარტა, რუსეთი ძალიან დიდია, სადაც ძალიან ბევრი რესურსია დამალული. მისი განმარტებით, გააჩნია ამ რესურსი გამოღვიძების მექანიზმებს.
„ყველაფერი შეიძლება, ეს კონფლიქტი რაღაც კატალიზატორად შეიძლება იმისთვისაც იყოს, რომ მაგალითად, საბოლოო ჯამში რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადოს. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე მილიონი ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია და ძველი იარაღი ბევრი აქვს. მთელ რუსეთში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არის შენახული იარაღი. გარდა ამისა, ამბობენ, რომ თითქოს, ირანის გავლით ხდება სომხეთში რუსული ბაზების მომარაგება, მაგრამ დიდი ეჭვია იმაზე, რომ რუსული სამხედრო ტვირთების გადატანა საქართველოს გავლით ხდება. საომარი ვითარების შემთხვევაში, კი რა თქმა უნდა ეს გაათმაგდება. საბოლოო ჯამში, რუსეთი მაინც არ დაუტოვებს აზერბაიჯანს სომხეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის ეს იქნება კავკასიის მთლიანად დატოვება და მაშინ მოუწევს აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდანაც“ გასვლა. ანუ მე მგონია, რომ რუსეთი ასე მარტივად არ დანებდება, რაც ჩვენთვის რისკებს შეიცავს”, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება ამ მოცემულობის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის აუცილებლობას, როგორც გოგოლაშვილი მიიჩნევს, მთავრობა უსაფრთხოების საბჭოს უყურებს, როგორც რაღაც ზედმეტს, რომელიც რეალურად დემოკრატიული მართვის ინსტიტუტია.
„თავს არ იწუხებენ იმისათვის, რომ ფორმალურად მაინც მოიწვიონ უსაფრთხოების საბჭო. ამით კი მისულები ვართ იქამდე, რომ არც უსაფრთხოების ზედამხედველობა არსებობს და არც დემოკრატიული კონტროლი. ადრე თუ ფორმალურად მაინც ხდებოდა დემოკრატიული მოთხოვნების დაცვა, ახლა ალბათ, ფიქრობენ, რომ ეს ზედმეტია. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ უნდოდათ უსაფრთხოების საბჭო. თავიდან გააუქმეს კიდეც, რომელიც პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო და მერე მეორე შექმნეს. ახლა უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. სხდომის გამართვის შემთხვევაში კი, სხდომაზე პრეზიდენტი ხომ უნდა მოიწვიონ? ამ გადაწყვეტილებაში კი არ სჭირდებათ ზედმეტი ადამიანების ჩარევა. ისედაც თავისუფლად შეუძლიათ დაავალონ გინდა თავდაცვის მინისტრს და გინდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც არანაირ ცალკე ფიგურას არ წარმოადგენს. ერთადერთი, ვინც იქ ხელს შეუშლიდა ეს არის ალბათ პრეზიდენტის დასწრება. დასწრების შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა ჩააყენონ ყველა გადაწყვეტილების, დისკუსიებისა და დებატების კურსში. ეს არ უნდათ იმიტომ, რომ არ ენდობიან პრეზიდენტს, რომ ის არ გაასაჯაროებს რაღაც საკითხებს ან ღიად არ გააკრიტიკებს. მე მგონი, ხელისშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი ეს უნდა იყოს. რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებას, უნდათ, რომ ეს ძალაუფლება კონცენტრირებული იყოს გარკვეული ჯგუფის ხელში და ეს არის „ქართული ოცნების“ ელიტა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.