ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საზღვარი 800 ათასამდე რუსმა გადმოკვეთა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-აგვისტოს პერიოდში, საქართველოს საზღვარი 796 638 რუსმა გადმოკვეთა, წლიური ზრდა 413%-ია.
უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.
რაც შეეხება აგვისტოს მონაცემებს, გასულ თვეში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი, 260 810 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 475%-ია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება. მარტი-აგვისტოს პერიოდში საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია:
მარტი – 45 068 რუსეთის მოქალაქე;
აპრილი – 48 797 რუსეთის მოქალაქე;
მაისი – 69 772 რუსეთის მოქალაქე;
ივნისი – 135 457 რუსეთის მოქალაქე;
ივლისი – 236 734 რუსეთის მოქალაქე;
აგვისტო – 260 810 რუსეთის მოქალაქე.
აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზეა. აგვისტოში მეორე პოზიციაზე იყო სომხეთი, შემდეგ მოდიოდა თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ისრაელი და ბელარუსი.
მიმდინარე წლის აგვისტოში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 2 276 302-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 77% უცხოელი იყო, 23% კი – ქართველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. შემდეგ იყო ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
შეგახსენებთ, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 299 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნიდან კი 198 000 გავიდა. 101 000-ზე მეტ რუს ვიზიტორს საქართველო ჯერ არ დაუტოვებია.