101 000-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს საქართველო ჯერ არ დაუტოვებია – PMC
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 299 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნიდან კი 198 000 გავიდა. 101 000-ზე მეტ რუს ვიზიტორს საქართველო ჯერ არ დაუტოვებია.
„2022 წლის მარტი-ივნისში რუსეთიდან დაახლოებით 101 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. შესაბამისი მაჩვენებელი უკრაინელების შემთხვევაში 27 000, ბელორუსების შემთხვევაში კი 20 000 იყო“, – აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.
ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, მხოლოდ ივნისში რუსეთიდან საქართველოში, დაახლოებით, 45 000-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. უკრაინის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით 4 000 იყო, ბელორუსის შემთხვევაში კი – 3 000.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ივლისის სტატისტიკას, PMC-ის შეფასებით, გასულ თვეში, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი, წლიურად 176.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 34.7%-ით შემცირდა.
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 158.9%-ით გაიზარდა (2022/2021) და 32.2%-ით შემცირდა (2022/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 115.3%-ით გაიზარდა (2022/2021) და 19.4%-ით შემცირდა (2022/2019).
მიმოხილვის თანახმად, 2022 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით შემდეგი ქვეყნები გამოირჩეოდნენ: რუსეთი (156 737 ვიზიტი), სომხეთი (103 906 ვიზიტი) და თურქეთი (95 989 ვიზიტი).
„საქართველოს მსხვილ ტურისტული ბაზრებს შორის, ბელარუსიდან (65.6%), ყაზახეთიდან (46.7%) და საუდის არაბეთიდან (21.7%) საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა რუსეთიდან (-1.5%) 2019 წლის ამ პერიოდის ნიშნულს თითქმის დაუბრუნდა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ეს განპირობებულია ისეთი ფაქტორების ერთობლიობით, როგორიცაა, საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსი, ბელორუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლა, შიდა ვიზიტორების მიერ საქართველოს ტურისტულ ადგილებზე გაზრდილი მოთხოვნა, სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტი 2022 წლის თებერვალსა და მარტში“, – აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.
მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში სასტუმროს ფასების ინდექსი ყველაზე მაღალი თებერვალში იყო (17.7%), რასაც მოჰყვებოდა მარტი (14.9%) და ივლისი (13%). 3, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან შედარებით, ინდექსი უფრო მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის იყო.
2022 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 13.3%-ით გაიზარდა. აქედან 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ითაა გაზრდილი.
მიმდინარე წლის ივლისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სასტუმროების ფასების ინდექსი, ასევე 13%-ითაა გაზრდილი. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსმა 12.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 20.2%-ით მოიმატა.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭასა (24.2%) და სამცხე-ჯავახეთში (20.5%), ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-1.6%).
2022 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 173 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 276 ლარი, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა – 563 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი – 118 ლარი.
აღსანიშნავია, რომ გურიაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 1001 ლარი იყო, თბილისში – 619 ლარი, აჭარაში – 612 ლარი, ხოლო კახეთში – 522 ლარი.