რთველის შტაბი თელავში 25 აგვისტოს გაიხსნება
მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან.
აღინიშნა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნება და ტრადიციულად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-რემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდნენ.
ბოლო ორი წლის მანძილზე, მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია. მიზეზად კი, ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დასახელდა. რამდენი იქნება სუბსიდია 2022 წელს, ჯერ არ არის ცნობილი.
ამავე თემაზე წაიკითხეთ სტატია: https://knews.ge/?p=71528