ახალი ამბები

როგორი იქნება რთველი 2022 – მოლოდინები და გამოწვევები

ბოლო ორი წლის მანძილზე, მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია. მიზეზად კი, ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დასახელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რთვლის სუბსიდირება შესაძლოა, წელსაც განხორციელდეს. მინისტრ შამუგიას განცხადებით, რთველი მუდმივად არის გამოწვევა და ყოველ წელს უწევთ პროცესებში ჩარევა.

“დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მეწარმეებთან. იცით, რომ რთველი ყოველ წელს არის გამოწვევა; ყოველ წელს გვიწევს ჩარევა, გვინდა იმ პროცესიდან გამოსვლა, რასაც სუბსიდია ჰქვია და ეს სწორი იქნება. თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ, გაგვიჭირდება ამის გაკეთება. ფერმერებს არ დავტოვებთ ამ პროცესში მარტო. მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რთველის სუბსიდირების პროცესში კორუფციის ნიშნებს ხედავს. მათი ინფორმაციით, მოსავლის სუბსიდირებას მთავრობა პირდაპირ ბიუჯეტიდან ახორციელებს, მათ შორის ღვინის სააგენტოს გავლითაც.

,,ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვირვალედ და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ. აუცილებელია ღვინის სააგენტომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭიროა თანხების ორ ნაწილად ხარჯვა, როდესაც მცირე ნაწილს გასცემს სააგენტო, თანხის უდიდეს ნაწილს კი რიცხავს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” ანგარიშზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ოფისის ხელძღვანელის გიორგი ბოტკოველის თქმით, დღევანდელი ყურძნის ფასი რეალურად წარმოადგენს 30 ცენტს და ეს იმ ფონზე, როდესაც გაორმაგებულია და გასამმაგებულია შხამ–ქიმიკატების და სასუქების ფასი.

,,იმის მაგივრად, რომ იგივე მცირე კოოპერატივების მხარდაჭერით შეიქმნას მცირე ტიპის საწარმოები, გლეხი ჩამბარებლიდან ვაქციოთ მწარმოებლამდე. მაგალითად, მოხდეს ქვევრის ღვინის პრგრამული მხარდაჭერა, რაც ასე პოპულარულია დღეს ევროპაში და ძალიან ბევრ ბაზარზე და მოთხოვნადია. წვალობს გლეხი მთელი წლის განმავლობაში, მოჰყავს მოსავალი, შემდგომ ელოდება ასეულობით მეტრიან რიგს, აბარებს ყურძენს ისევ თქვენს მიერ დადგენილ ფასად, 80 თეთრად, 90 თეთრად, მაგრამ ხშირად საუბრობთ, რომ ფასს თქვენ არ ადგენთ, მაგრამ ყოველი წლის დასაწყისში ფასს აცხადებს სახელმწიფო. ჩვენ ამისი მოწმეები ვართ და ამას ვხედავთ ყოველწლიურად.
მინდა კითხვა, წელს რას აპირებთ, რა იქნება ყურძნის ფასი, როგორ აპირებთ ბაზრების ჩანაცვლებას, რაც დღეს პრობლემურია და ამაზე ბევრი საუბარი იყო, თან საინტერესო ის არის, რომ არასაარჩევნო წელია და ხელისუფლების მხრიდან ნაკლებად იქნება გლეხზე ზრუნვა და ნაკლებად იქნება ინტერესი, იმიტომ რომ მათგან წელს ნამდვილად არაფერს არ ელის ხელისუფლება. ეს აინტერესებს გლეხსაც, მცირე ფერმერსაც, დიდ ფერმერსაც, ყველას კითხვა ფაქტობრივად არის ერთი და იგივე.“.

კახელი მევენახეებისთვის ყურძნის სუბსიდირება წელსაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია. განმარტავენ, რომ თუ ყურძნის სუბსიდირების პროგრამა აღარ იმუშავებს და არც ბაზრები არ იქნება მოძიებული, პროდუქტი დალპება და შესაბამისად, მევენახეობის დარგს განვითარება არ უწერია.

,,თუ ყურძენზე სუბსიდირება არ იქნება, საინტერესოა რატომ? სად გავყიდოთ მოსავალი? ვშრომობთ, ვალებს ვიღებთ, რომ მის მოსაყვანათ ყველა პროცედურა ჩავატაროთ ვენახში. გლეხი წელში გაიმართოს ხომ შეიძლება? შრომა არ გვეზარება,“, – აცხადებს knews.ge_სთან ნოდარ ქავთარაძე.

ყურძნის სუბსიდირებას თავიდანვე აკრიტიკებდა ექსპერტთა ნაწილი. დარგის სპეციალისტების ნაწილს მიაჩნდა, რომ ღვინის დაყენებით და შემდეგ მისი რეალიზაციით მეღვინე უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. მათივე შეფასებით, რაც ყურძენი სუბსიდირებას დაექვემდებარა, მევენახე სახელმწი­ფოზე დამოკიდებული გახდა.

,,სუბსიდირებას არ მოჰყოლია არანაირი დადებითი შედეგი. მევენახეობაში სუბსიდირე­ბის და სახელმწიფოს მიერ ღვინის წარმოების მოდელის დანერგვამ განა­პირობა მევენახის დამოკიდებულება სახელმწიფოზე და სახელმწიფო ღვი­ნის კომპანიაზე, რითაც მან მევენახეში ჩაკლა ღვინის წარმოების სურვილი, ხოლო კერძო ღვინის კომპანიას კი კონკურენტად გაუხდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახა დარგზე და დღევანდელი კრიზისი სწორედ ამ სისტემის შედეგია. ყურძნის ფასი მისი ხარისხის მიხედვით უნდა დადგინდეს. ფასის დადგენა კი მყიდველსა და გამყიდველის შეთანხმებაზეა დამოკი­დებული”, – განმარტავენ სპეციალისტები.