Il Bel Paese, ანუ ყოველდღიურობა იტალიაში (ნაწილი 4)
უბრალო, მაგრამ დამახასიათებელი დეტალები იტალიის ყოველდღიური ცხოვრებიდან.
რუბრიკას „გზა ევროპისკენ“ უძღვება თინათინ ზურაბიშვილი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
ნაწილი 4
შეიძლება ითქვას, რომ აგვისტოში ზღვაზე წასვლა იტალიელებისთვის თავისებურ ვალდებულებას წარმოადგენს. ძალიან ბევრი დიდი და პატარა ბიზნესი ანელებს მუშაობის რიტმს, ან სულაც ჩერდება რამდენიმე კვირით. იკეტება საოჯახო კაფეები, საცხობები, სამკერვალოები; ბუნებრივია, დაკეტილია სასწავლო დაწესებულებებიც. 15 აგვისტოს ფართოდ აღინიშნება Ferragosto – ეს დღესასწაული მარიამობის ანალოგია, თუმცა ძველი რომაული ფესვები აქვს. ქალაქები, რომლებიც არ არის დიდი ტურისტული ცენტრები, ამ დღეს დაცარიელდება ხოლმე. უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტების პიკიც სწორედ აგვისტოს თვეზე მოდის.
ფოტოზე: რიმინის სანაპირო მაისში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე
იტალიელებმა – განსაკუთრებით მათ, ვინც ტურისტული ცენტრების მახლობლად ცხოვრობენ – წლების განმავლობაში ისწავლეს ტურისტებთან თანაცხოვრება. ბავშვობიდან ეჩვევიან, რომ ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა «გაუზიარონ» ის მემკვიდრეობა, რაც მათ ერგოთ: მუზეუმები, კურორტები, ხშირად ეკლესიებიც და ა.შ. თუმცა, მთელ მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ცენტრების გარდა, იტალიაში არის ადგილები, რომლების შესახებაც მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის. ეს ადგილები არანაკლებ ლამაზი და საინტერესოა, და შიდა ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრებად ჩამოყალიბდა.
ჩემს იტალიელ მეგობრებს, და-ძმას, ლინდა და დანიელე ჰქვიათ. ვენეციასთან ახლოს ცხოვრობენ, პატარა ქალაქში. ვენეციაში სწავლობდნენ. ვენეციის ლაგუნის ფერები, წმინდა მარკოზის ტაძარი და მისი მოზაიკები, დოლომიტის ალპების სუფთა ჰაერი მათთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა – ისევე როგორც ჩვენთვის იყალთო, შუამთა, გრემი და ალავერდი იყო ჩვენს ბავშვობაში.
სწორეთ მათთან ურთიერთობამ მაჩვენა, რომ იტალიაში თვალშისაცემად განსხვავდება შიდა და გარე ტურიზმი. რათქმაუნდა, იტალიელებიც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ საქვეყნოდ ცნობილ კულტურულ ცენტრებს და კურორტებს და ძალიან ამაყობენ თავისი ქვეყნის მემკვიდრეობით, მაგრამ როდესაც საქმე დასვენების ადგილის არჩევას ეხება, მათი არჩევანი ბევრად უფრო მდიდარია.
უცხოელები ვენეციაში რომ ჩადიან, ხშირად ძალიან შაბლონურ მარშრუტებს ირჩევენ და, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება ერთი-ორი კუნძული მოინახულონ. იტალიელები კი ხშირად უფრო ორიგინალურ და, ამავდროულად, ეკონომიურ მიდგომას იპოვიან, სადმე კიოჯაში გაჩერდებიან და, საბოლოო ჯამში, მათი გამოცდილება ბევრად განსხვავებული იქნება. სხვა მაგალითები? ძალიან იშვიათია უცხოელი ტურისტები ისეთ ულამაზეს კურორტებზე, როგორებიცაა სანტა კროჩეს ტბა ალპაგოში; პეზაროს სანაპირო; ვალბელუნა; კაპოკოლონას არქეოლოგიური ზონა კალაბრიაში, პატარა ქალაქები პიემონტის ლანგების რეგიონში, რომლის ვენახებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, და მრავალი სხვა.
ფოტოზე: სანტა კროჩეს ტბა
ფოტოზე: პეზარო
ფოტოზე: დოლომიტები, ბელუნო
ფოტოზე: ლანგების რეგიონი
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პანდემიის შემდგომ პერიოდში იტალიელების უმრავლესობა იტალიაში დასვენებას არჩევს. თუმცა, საზღვარგარეთ მგზავრობა და, განსაკუთრებით, ახალი ადგილების აღმოჩენაც ძალიან აინტერესებთ. სხვათაშორის, ლინდას და დანიელეს ძალიან უყვართ საქართველო და საკმაოდ ბევრი რამ იციან მის შესახებ; ხინკლის გაკეთებაც კი ისწავლეს, თუმცა ჯერ ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. იმედია, მალე შეძლებენ ჩამოსვლას.