Il Bel Paese, ანუ ყოველდღიურობა იტალიაში (ნაწილი 2)
უბრალო, მაგრამ დამახასიათებელი დეტალები იტალიის ყოველდღიური ცხოვრებიდან.
რუბრიკას „გზა ევროპისკენ“ უძღვება თინათინ ზურაბიშვილი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
-
საჯარო სივრცის რეგულირების თავისებურებები
საზოგადოებრივ ადგილებში ადრე თუ გვიან ყველას გვიწევს ესა თუ ის აკრძალვის ნიშანი გავითვალისწინოთ და, ხშირად, დავემორჩილოთ. ბევრგან აკრძალულია მოწევა, წესით არ უნდა ვიხმაუროთ ღამის საათებში, საგზაო მოძრაობის წესებზე ხომ არაფერს ვამბობ. იტალიაში ბევრად უფრო საინტერესოდაა საქმე, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. აქ ყოველ ნაბიჯზე რაიმე მითითება ან ინსტრუქცია გეგებება – ეს შეიძლება იყოს ოფიციალური საგზაო ნიშანი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მითითება, საინიციატივო ჯგუფის სულაც ხელნაწერი განცხადება…
ინსტრუქციების მრავალფეროვნება იტალიაში ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, პანდემიის პერიოდში კი მართლაც თავბრუდამხვევი გახდა. ინსტრუქციები უხვადაა ქუჩებში, სკვერებში, მაღაზიებში, მუზეუმებში, კაფეებში, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, საცხოვრებელ კორპუსებში, ზღვის და მთის კურორტებზე… ზოგი ინსტრუქცია ძალიან ლოგიკური და საჭიროა, ზოგმა კი შეიძლება გულწრფელი გაოცება გამოიწვიოს. ზოგი პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს ხალხს, ზოგი სასტიკად კრძალავს რამეს, ზოგს კი გარკვეული საგანმანათლებლო დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს. ინსტრუქციები შეიძლება პროფესიულად გაფორმებული იყოს, ან სულაც ხელნაწერი; ზოგის ტონი ნეიტრალურია, ზოგის – კუთილმოსურნე, ზოგი მუქარის ტონითაა გაჟღენთილი, ზოგი იუმორით, ზოგიც ძალიან ბრაზიანია. ზოგი მითითება უაღრესად ფორმალურია და ტირაჟირებულია ქვეყნის ყველა კუთხეში, ზოგი კი საოცრად შემოქმედებითი და უნიკალურია.
ფოტო 1: ქ.ფაენცას მუნიციპალიტეტის მოწოდება ქალაქის ერთ-ერთ სკვერში: „ნუ მოწევ ბავშვების თანდასწრებით. საკუთარი ჯანმრთელობის გარდა, მათ ჯანმრთელობასაც უქმნი საფრთხეს.“
ფოტო 2: მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართოდ გამოიყენება ეს ნიშანი იმ ადგილებში, სადაც არ არის ნებადართული ველოსიდების და მოტოციკლების გაჩერება.
ფოტო 3: ფლორენციის ერთ-ერთი მუზეუმი, სადაც სტუმრებს ეკრძალებათ სურათების გადაღება.
ფოტო 4: კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ბევრი ახალი ნიშანი გაჩნდა ახალი წესების რეგულირების მიზნით. ეს ნიშანი პირბადის აუცილებლობას შეახსენებს სავაჭრო ობიექტებში.
ფოტო 5: ასევე კოვიდ-19-ის პანდემიის ყველაზე მწვავე თვეებში ბოლონიის უნივერსიტეტის შენობებში აკრძალული იყო მათი შესვლა, ვინც არ იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ან თანამშრომელი.
საბოლოო ჯამში, ინსტრუქციების ეს მრავალფეროვნება ცხოვრებაში გარკვეული წესრიგის, ორგანიზებულობის შემოტანას ცდილობს. იტალიელებს უყვართ, როცა შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული, გაწერილი და გათვლილია ყველაფერი. რეგულაციები ხომ ჯერ კიდევ ძველი რომის პერიოდში იყო გავრცელებული. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იტალიელებს გარკვეულ სიამოვნებას ანიჭებს სხვებისთვის მითითებების მიცემა. თუმცა, მეორე მხრივ, მათი საყოველთაოდ ცნობილი ემოციურობა და იმპულსურობა ერთვება თამაშში – სტერეოტიპულად კი ჟღერს, მაგრამ ამ თვისებების გარეშეც წარმოუდგენელია იტალიური ყოფა.
ამ ორ უკიდურესობას გარკვეულწილად აბალანსებს ე.წ. „buonsenso“-ს ცნება, რომლის თანახმადაც წესების დაცვა კარგი და აუცილებელია, მაგრამ არც მათი ყურმოჭრილი მონობა ვარგა. ამ ცნების თანახმად, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ამა თუ იმ ინსტრუქციის უგულებელყოფა, ან საკმაოდ თავისუფალი ინტერპრეტაცია, თუ ეს გამართლებულია გაკრვეული პირობებით. წითელ შუქნიშანზეც შეუძლიათ გაიარონ, თუ ახლო-მახლო არ ჩანს სხვა სატრანსპორტო საშუალება ან ფეხით მოსიარულე; ამავდროულად, მწვანე შუქნიშანზეც გაჩერდებიან და გაატარებენ ფეხით მოსიარულეს, თუნდაც „წესით“ არ იყვნენ ვალდებულები.
„Buonsenso“ არსად ისწავლება, თუ არა ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად. მეორე მხრივ, რაც შეეხება ოფიციალურ წესებს და ინსტრუქციებს, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, იტალიის სკოლების მაღალ კლასებში ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა უსაფრთხოების საწყისი კურსის გავლა. მოსწავლეების უმრავლესობას ამ კურსის შემდგომი ვერსიების გავლაც მოუწევს უნივერსიტეტში, სადაც ეს კურსი ასევე სავალდებულოა, და სამუშაო ადგილზე; ყოველი შემდეგი ვერსია კონკრეტულ სასწავლო თუ სამუშაო პირობების გათვალისწინებითაა ადაპტირებული; დეტალურადაა ახსნილი რისკების პრევენციის შესაძლებლობები.
ისე რომ, იტალიელების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ სკოლაში იძენს საბაზისო უნარ-ჩვევებს საზოგადოებრივი, საწარმო, სატრანსპორტო და ა.შ. რისკების მართვის შესაძლებლობების შესახებ. შემდგომი ცხოვრების მანძილზე, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი კიდევ არაერთხელ უბრუნდებიან ამ საკითხს და ხშირად რწმუნდებიან ამ ტიპის კომუნიკაციის საჭიროებაში, მათ შორის – განცხადებების, საგზაო ნიშნების, ინსტრუქციებისა და მითითებების მეშვეობით. თუ იმასაც დავამატებთ, რომ მათი მრავალსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე რეგულაციები სამოქალაქო ინიციატივის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად ჩამოყალიბდა, რაღა გასაკვირია, ქალაქები რომ ათასნაირი მითითების ან ინსტრუქციის ნიშნით ივსება… როგორც ერთი იტალიური ანდაზა გვაიმედებს, ვინც გაფრთხილებულია, სანახევროდ გადარჩენილიცააო.
ფოტო 6: წარწერა ფლორენციის ერთ-ერთი პატარა ეკლესიის კარზე: „გამორთე მობილური. ღმერთს შენთან დაკავშირება თუ დასჭირდება, ნამდვილად რამე სხვა საშუალებას იპოვის.“