საქართველოში შესაძლოა, ეროვნული სამხედრო მუზეუმი დაფუძნდეს
საქართველოში შესაძლოა, ეროვნული სამხედრო მუზეუმი დაფუძნდეს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია.
კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ხელაშვილი, რესან კონცელიძე, ალექსანდრე ელისაშვილი არიან.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს, მუზეუმის ახალი ტიპის, სამხედრო მუზეუმის შექმნის შესაძლებლობას.
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმი თავისი საქმიანობის მიმართულებით შეიძლება იყოს: ისტორიული, საბუნებისმეტყველო, მემორიალური, ხელოვნების და ლიტერატურული. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ამ ტიპის მუზეუმების გარდა, შექმნილია ეროვნული სამხედრო მუზეუმები, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა გააჩნიათ. ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და ცნობიერების ამაღლებისათვის. ამასთანავე, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება,“- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, კანონში ჩნდება ჩანაწერი სახით – სამხედრო მუზეუმის განმარტება. კერძოდ: „სამხედრო მუზეუმია – ღია სივრცეში ან/და დახურულ შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები“.
პროექტის ავტორთა შეფასებით, კანონპროექტი ძალაში შევა 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, რადგან 2022-2024 წლების საშუალოვადიან საბიუჯეტო პერიოდში ვერ განხორციელდება საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფა.
„სამხედრო მუზეუმის შექმნისათვის და მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისათვის საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 23 753 112 ლარს. მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი შესაძლებელია გადანაწილდეს 4 საბიუჯეტოწელზე. 2025 წელს პროექტირებისთვის გამოიყოს 249 576 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 187 182 ლარი;
2026 წელს მშენებლობის პირველი ფაზის დასაწყებად გამოიყოს 4 211 595 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 280 773 ლარი; 2027 წელს მშენებლობის მეორე ფაზისთვის გამოიყოს 5 615 460 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 467 955 ლარი, გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის მომზადებისთვის 93 591 ლარი, გამოფენის დიზაინის შემუშავებისთვის 93 591 ლარი, საგამოფენო და საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 311 970 ლარი;
2028 წელს მშენებლობის ბოლო ფაზისთვის გამოიყოს 4 211 595 ლარი, კოლექციების საგამოფენოდ მომზადებისთვის 62 394 ლარი, აღჭურვისთვის 4 679 550 ლარი, საგამოფენოდა საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 1 247 880 ლარი, ღია სივრცის მოსაწყობად 2 040 000 ლარი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმის შენახვისთვის საჭირო ხარჯები ყოველწლიურად სავარაუდოდ შეადგენს – 782 500 ლარს (მუზეუმის შენახვისათვის საჭირო ხარჯებს 398 500 ლარს დამატებული მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება -384 000 ლარი),“- ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.