ფინანსური პრობლემები- რეგიონებში ,,კონსერვატიული პარტიის” ოფისები იხურება

რამდენიმე თვეის წინ რუსეთთან დაკავშირებული ,,კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლების მიერ რეგიონებში გახსნილი ოფისები დახურვის ზღვარზეა. ოფისებში დასაქმებულ ხალხს უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ხელფასებს ვერ გადაიხდიან და სახლებში უნდა წავიდნენ. პარტია და მასთან დაკავშირებული ჰომოფობიური და პრორუსულად განწყობილი ჯგუფების დაფუძნებული ტელეარხი ,,ალტ ინფო” დახმარებას ახლა ხალხს სთხოვს. ისინი მოწყალებას სოციალურ ქსელში ითხოვენ.

“ფინანსებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დამფინანსებლების უმრავლესობას, რომლებსაც ბანკებსა და ორგანიზაციებში ჰქონდათ ბიზნესაქტივობა, მისცეს მითითება, რომ ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს ახსნეს იმით, რომ ამ ბანკების და კომპანიების პარტნიორები არიან უცხოელები, რომლებისთვისაც ეს არის პრობლემა.

უცხოელმა მფლობელებმა მოსთხოვეს ბანკის მენეჯმენტს ამის გატარება, რაზეც ამბობენ, რომ არის ელჩების მითითება და განსაკუთრებით აქტიურობს აშშ-ის ელჩი”,- აცხადებს კონსტანტინე მორგოშია, თუმცა კონკრეტულ ბანკს არ ასახელებს, რადგან ამბობს, რომ იდენტური მდგომარეობაა ყველა დაწესებულებაში.

მორგოშია ასევე აცხადებს, რომ ,,ალტ-ინფოს” რესურსი ფაქტობრივად აღარ აქვს.

,,დახურვის საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძებელი. ამ წუთის მდგომარეობით, ხელფასების პრობლემა შემდეგი თვიდან პრობლემა გახდება, მაგრამ დღის ბოლოს და ხვალ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით. პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გვქონდა რიგ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს “ალტ-ინფოს” და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში მათთან და ხალხთან ერთად გამოვასწორებთ. საუბარია ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ”– აცხადებს კოკა მორგოშია.

,,კონსერვატიული პარტიის” ოფისები კახეთის რეგიონის 7 ქალაქში, ახმეტაში, თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხში, საგარეჯოში დედოფლისწყაროსა და წნორშია გახსნილი, საიდანაც უმეტესობა უფუნქციო და დაკეტილია. იმ ოფისებში კი რომლებიც ფუნქციონირებდა, დღემდე ახდენენ მხარდამჭერების მობილიზაციას.

აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პარტიის და მასთან დაკავშირებული ალტ-ინფოს წარმომადგენლობის დაფუძნებას კახეთის რეგიონის საზოგადოება უარყოფითად აფასებდა. ადგილობრივებმა პარტიის ოფისის გახსნა საგარეჯოსა და ლაგოდეხში გააპროტესტეს.
სამოქალაქო აქტივისტი ტასო მოდებაძე გვიამბობს, რომ ,,ოფისის გახსნა ყველაზე პომპეზურად თელავში აღნიშნეს. ლაგოდეხის ოფისში ქართული მარშის აქტივისტები არიან დასაქმებულები. სიღნაღის ოფისსაც აქედან მართავენ. გურჯაანში გაიხსნა 8 მარტს და შემდეგ საგარეჯოში. შემდეგ კი დედოფლისწყაროში გაიხსნენ, თუმცა როგორც ამბობენ, ოფისი სულ დაკეტილია და იქ არავინაა“.

ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით მოქმედია ,,კონსერვატიული პარტიის” თელავის ოფისი, სადაც მხარდამჭერების მობილიზება ხდება. მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქმიანობის შეჩერებას არ აპირებენ. თელავისგან განსხვავებით დაკეტილია პარტიის ლაგოდეხის ოფისი. ადგილობრივების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია პარტიამ დროებით დაკეტა ოფისი თუ მუნიციპალიტეტში საქმიანობა შეაჩერა. უმოქმედოა პარტიის ოფისები სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

,,ასეთი პარტია არ უნდა ფუნქციონირებდეს ქვეყანაში, მითუმეტეს იქ, სადაც კარგად იციან რუსეთის სახე”,– აცხადებენ კახეთში მცხოვრები მოქალაქეები.

იხილეთ ამავე თემაზე:

რეგიონებში ,,კონსერვატიული პარტიის” ოფისები იხურება

„ალტინფო“ და კონსერვატიული პარტიის გეგმები კახეთში

საგარეჯოში „ალტ ინფოს“ ოფისთან აქცია “საგარეჯო არ იყიდება რუბლზე” მიმდინარეობს

სირცხვილია!- წარწერა ალტ ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის საგარეჯოს ოფისზე