ორ ათწლეულში კახეთში მოსწავლეთა რაოდენობა 16% ით შემცირდა
15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება. საქსტატის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს კახეთში 191 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, სადაც 45 489 მოსწავლე სწავლობდა.
20 წლის წინ სურათი განსხვავებული იყო. 2005/2006 სასწავლო წელს კახეთის სკოლებში 54 279 მოსწავლე ირიცხებოდა.
შესაბამისად, ორ ათწლეულში რეგიონში მოსწავლეთა რაოდენობა 8 790-ით, ანუ დაახლოებით 16%-ით შემცირდა.
თუმცა ბოლო ათწლეულის მონაცემები სხვა ტენდენციასაც აჩვენებს. 2015/2016 სასწავლო წელს კახეთში 42 723 მოსწავლე იყო, 2025/2026-ში კი — 45 489. ანუ ბოლო ათ წელიწადში საერთო რაოდენობა დაახლოებით 6.5%-ით გაიზარდა.
მძიმე სურათია დედოფლისწყაროში, ახმეტასა და სიღნაღში. დედოფლისწყაროში მოსწავლეთა რაოდენობა ათ წელიწადში 2 765-დან 2 651-მდე შემცირდა, ახმეტაში — 4 760-დან 4 657-მდე, სიღნაღში კი — 3 562-დან 3 497-მდე.
ყველაზე მკვეთრი ზრდა საგარეჯოშია: 2015/2016 წელს მუნიციპალიტეტის სკოლებში 7 261 მოსწავლე სწავლობდა, ათი წლის შემდეგ კი — 8 544. ზრდა დაახლოებით 18%-ია. აგრეთვე, ზრდა შეინიშნება თელავში — 8 133-დან 8 664-მდე; გურჯაანში — 6 520-დან 6 950-მდე და ლაგოდეხში — 6 111-დან 6 457 მოსწავლემდე.
საქსტატის 20-წლიანი მონაცემები კიდევ ერთ მნიშვნელოვან სურათს აჩვენებს: კახეთში სასკოლო კონტინგენტის შემცირება გრძელვადიანი რეალობაა, თუმცა ბოლო ათწლეულში რეგიონი ერთგვაროვანი აღარ არის — ზოგი მუნიციპალიტეტი მოსწავლეებს კარგავს, ზოგში კი მათი რაოდენობა იზრდება.

