„ალტინფო“ და კონსერვატიული პარტიის გეგმები კახეთში
ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთთან დაკავშირებულმა ,,კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლებმა რეგიონებში ოფისების გახსნა აქტიურად დაიწყეს.
ამ დროისთვის პრორუსულმა ორგანიზაციებმა კახეთის რეგიონის 7 ქალაქში, ახმეტაში, თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხში, საგარეჯოში დედოფლისწყაროსა და წნორში ოფისები უკვე გახსნეს და მხარდამჭერების მობილიზაციას ახდენენ. კონსერვატიული პარტიის და მასთან დაკავშირებული ალტ-ინფოს წარმომადგენლობის დაფუძნებას კახეთის რეგიონის საზოგადოება უარყოფითად აფასებს. რამდენიმე დღის წინ კონსერვატიული პარტიის ოფისის გახსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გააპროტესტეს.
საგარეჯო არ იყიდება რუბლზე”, „საგარეჯო რუსული ძალების გარეშე”,- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ადგილობრივმა მოსახლეობამ, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ერთი კვირის წინ გახსნილი ოფისის დახურვის მოთხოვნით, აქცია გამართეს. მათი თქმით, მსგავსი შეხედულების მქონე პარტიის ოფისის გახსნა დაუშვებელია.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის საგარეჯოს ოფისის კედელზე სხვადასხვა წარწერები დატოვეს. შენობის გარე ფასადზე ასევე დააწერეს Z სიმბოლოც, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, უკრაინაში შეყვანილ საომარ ტექნიკაზე აქვთ გამოსახული. კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები კი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ.
აღნიშნული პარტიის წარმომადგენლებმა ოფისები ასევე ახმეტაში, თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხში და დედოფლისწყაროშიც გახსნეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ტასო მოდებაძე აცხადებს, რომ ალტ-ინფოს წარმომადგენლები კახეთის რეგიონში ნელ-ნელა აქტიურდებიან. მისი ინფორმაციით, ისინი ზაფხულში მეტად აპირებენ გააქტიურებას და თანამოაზრეების შემოკრებას.
სამოქალაქო აქტივისტი ტასო მოდებაძე გვიამბობს, რომ ,, ოფისის გახსნა ყველაზე პომპეზურად თელავში აღნიშნეს. ლაგოდეხის ოფისში ქართული მარშის აქტივისტები არიან დასაქმებულები. სიღნაღის ოფისსაც მაქედან მართავენ. გურჯაანში გაიხსნა 8 მარტს და სულ რამდენიმე დღის წინ_ საგარეჯოში. დაახლოებით ორი კვირის წინ დედოფლისწყაროში გაიხსნენ, თუმცა როგორც ამბობენ, ოფისი სულ დაკეტილია და იქ არავინაა. ლაგოდეხში, ასე თუ ისე, შეიმჩნევა ოფისში მოძრაობა. კულუარულად საუბრობენ, რომ ზაფხულში აქვთ დაგეგმილი რაღაც აქტივობები და ჯერ წყნარად არიან, ელოდებიან ვითარების გამორკვევას. არსებობს მოსაზრება, რომ დაფინანსება შეუწყდებათ და შეეშვებიან ყველაფერს, მაგრამ ჯერ საბოლოოდ ეგ არავინ იცის“.
სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად პარტიამ ოფისი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც გახსნა. ოფისის ხელმღვანელმა, ნოდარ ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ გურჯაანში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ყავთ. კონსერვატიული პარტიის თელავის ოფისის ხელმძღვანელები კი გიორგი კარჭაული და ილია მეგრელიშვილი არიან. ისინი თანამოაზრეებს პარტიაში გასაწევრიანებლად იწვევენ. ,,კონსერვატიული მოძრაობა ქართველი ხალხის მოთხოვნით შეიქმნა. ამ მოძრაობაში მხოლოდ პატრიოტების ადგილია_ ვისთვისაც მამული, ენა, სარწმუნოება ყველა სხვაზე მაღლა დგას”,- აცხადებენ ისინი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, კახეთის რეგიონის სხვადასხვა ჯგუფში, გაჩნდა მოწოდებები კონსერვატიული მოძრაობის ოფისების დახურვის შესახებ. პოსტების ავტორები გაქირავებული ფართების მესაკუთრეებს, რუსული იდეოლოგიის პარტიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
,,ასეთი პარტია არ უნდა ფუნქციონირებდეს ქვეყანაში, მითუმეტეს იქ, სადაც კარგად იციან რუსეთის სახე”,- აცხადებენ კახეთში მცხოვრები მოქალაქეები. აღნიშნული მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიციაც შეადგინეს და პარტიის საქმიანობის შეწყვეტას ითხოვენ.
შეუწყდეს პარტიული საქმიანობა ძალადობრივ პოლიტიკურ ორგანიზაცია “კონსერვატიულ მოძრაობას”. საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა დაფუძნებული იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე და არ უქმნიდეს საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანის უფლებებს.
დღეს უკრაინის ოკუპაციის პარალელურად, საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” საქმიანობა, რომელიც ღიად უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. აღნიშული პარტიის საქმიანობა და იდეა ეწინააღმდგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის წინაშე. “კონსერვატიული პარტიის” არსებობის მანძილზე, პარტიის ლიდერები არაერთხელ გამოირჩეოდნენ ძალადობის მოწოდებითა და ქმედებით, არაერთი ქმედებით ცდილობდნენ გაეღვივებინათ რელიგიური, ეთნიკური და სოციალური შუღლი.
დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა , ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება”,- აცხადებენ მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ალტ-ინფოს“ მისი უწყება ვერ დახურავს. როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით ვიხელმძღვანელოთ.
„ალტ-ინფო“ უნდა დაიხუროს თუ არა, ამაზე, შესაძლოა, ჩემი აზრი მქონდეს. ბევრი რამ უნდა დაიხუროს, ან არ უნდა დაიხუროს, მაგრამ კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელთ. მაგას ვერც გომელაური დახურავს და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.