რატომ ვერ სარგებლობს გლეხების ნაწილი აგრობარათებით
კახეთში მცხოვრები მეურნეების ნაწილი აგრობარათებს ვერ იღებს. მიზეზად კი, მიწის საკუთრებაში არქონა სახელდება.
გლეხების ნაწილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება 300 ლარი ჯდება.
,,მიწა მაქვს და წლებია რაც ვამუშავებთ ჩვენი ოჯახი, მაგრამ საკუთრებაში არ გვაქვს. საჯარო რეესტრში რომ დავარეგისტრიროთ, საკმაოდ ძვირი ჯდება. პრობლემა გაჩნდა ის, რომ აგრობარათებს ვერ ვიღებთ რომ ვისარგებლოთ სახელმწიფო პროგრამით. კარგი იქნება თუ დაგვეხხმარებიან და გარკვეული დრო მაინც უფასო გახდება. უმრავლესობა ვერ გადავიხდით ამ თანხას და სახელმწიფო პროგრამით ბევრი ადამიანი ვერ ისარგებლებს,“ – აცხადებს knews.ge-სთან ნათელა ბეგიაშვილი.
ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში ირინე ფხოველიშვილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას მნიშვნელოვნად აფასებს და ამბობს რომ მიწის დარეგისტრირებას გლეხები ბევრი შემაფერხებელი ფაქტორის გამო ვერ ახერხებენ.
,,მართალია, იუსტიციის სამინისტრო ოთხი წელია ახორციელებს პროექტს მიწის გაადვილებული რეგიტრაციის შესახებ, მაგრამ იმდენად რთული იყო თავიდანვე მიწების დარეგისტრირება და აღიარება საკუთრებაში რომ ბევრი შემაფერხებელი გარემოების გამო ვერ შეძლეს დარეგისტრირება.“
მისივე თქმით, პრობლემაა ლეგალიზაციის კომისიების მუშაობის თვალისაზრისითაც.
,, ჩვენ ვნახეთ ლეგალიზაციის კომისიების მუშაობის შემაფერხებელი გარემოებები და ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქვეყნის მასშტაბით. შესული განცხადებების 60%–ზე მეტი დაუკმაყოფილებელია ან პასუხგაუცემელი“.
ირინე ფხოველიშვილისვე გაცხადებით, კარგი იქნება თუ მიწების პირველადი რეგისტრაცია ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და გახდება უფასო.
,,ჩვენ კარგად ვიცით რომ პრივატიზაციის დროს, რაცუნდა პატარა ყოფილიყო ნაკვეთი, 15 მეასედი ან 1 ჰექტარი, იყო სამად გაყოფილი. ამან გამოიწვია რთული სიტუაცია. გლეხმა უნდა დაარეგისტრიროს სამივე ნაკვეთი, სამივეზე შეიტანოს ნახაზი, შემდეგ შეიტანოს დასამტკიცებლად და სამჯერ 300 ლარი გადაიხადოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის. შემდეგ ნაკვეთის გაერთიანებისთვის კიდევ დამატებით 300 ლარი. გამოდის რომ ზოგიერთს ეს ნაკვეთი არც უღირს ამ ფასად.
დავაყენეთ საკითხი რომ დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს, პირველად რეგისტრაცია იყოს უფასო. ამით მეურნეს მიეცემა საშუალება სასწრაფოდ წესით დაარეგისტრიროს თავისი მიწა და ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით რასაც სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს“.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა–დან – 1.25 ჰა–ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა–ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500–ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 30 ნოემბერს დასრულდება.