ახალი ამბები

მაღალმთიანეთში გაზის სუბსიდია მიიღეს აბონენტებმა, რომლებსაც პროგრამით არ უნდა ესარგებლათ – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წელს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, კვლავ გამოწვევად რჩება გაზის სუბსიდიის ისეთ აბონენტებზე გაცემა, ვისაც არ ეკუთვნის. როგორც ირკვევა, ამ მიმართულებით 2023 წელს 2,223,326 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, ბუნებრივი აირის ღირებულება უნაზღაურდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას.

“აუდიტის მიმდინარეობისას 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით ანაზღაურებული თანხების სისწორის, სისრულისა და წარმოშობის დასადასტურებლად, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების შესახებ.
მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სამინისტროს აპარატის მიერ გაწეული 11,445,770 ლარის ხარჯიდან − 2,223,326 ლარი ანაზღაურებულია ისეთ აბონენტებზე, რომლებსაც სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში არ აქვთ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრების სტატუსი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ ერთ პირზე რეგისტრირებულია ორი ან მეტი ბუნებრივი აირის აბონენტის ნომერი, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში ერთ მაცხოვრებელზე ბიუჯეტის კანონით დადგენილ ლიმიტზე მეტი ოდენობის ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სათანადო კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში − ერთ პირზე, ერთზე მეტი ბუნებრივი აირის აბონენტის ნომრის არსებობა ზრდის საბიუჯეტო თანხების არაეფექტიანი და არაეკონომიური განკარგვის რისკებს”,- წერია აუდიტის ანგარიშში.