ახალი ამბები

აბიტურიენტთან, რომელიც პოლიციის აკადემიაში ჩაირიცხება, ხელშეკრულება გაფორმდება, რისი დარღვევის შემთხვევაშიც, მას სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურება მოუწევს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აბიტურიენტი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში ჩარიცხვისთანავე ხელშეკრულებას გააფორმებს და პირობების დარღვევის შემთხვევაში, მას სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურება მოუწევს.

ამის თაობაზე დარახველიძემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას ისაუბრა, რომლის მიხედვით, პოლიციის აკადემია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ყალიბდება.

როგორც დარახველიძემ ამ მიმართულებით „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, აბიტურიენტი საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისას ზუსტად იმავე პროცედურას გაივლის, რასაც გადის პოლიციელი სამსახურის დაწყებამდე.

„სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს იმ მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის საქმესთან. მიღების წესი კანონში გაწერილია შემდეგი სახით: ზუსტად იგივე პროცედურას გაივლის აბიტურიენტი, სანამ გახდება სტუდენტი, რასაც გადის პოლიციელი სამსახურის დაწყებამდე. დაკავშირებულია ეს მისი ფიზიკური უნარების შემოწმებასთან, მის სპეციალურ შემოწმებასთან, რომ რაიმე კავშირი არ ჰქონდეს კრიმინალურ სამყაროსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასთან და ასევე, კანონში გათვალისწინებულია, რომ მან შეიძლება ჩააბაროს ეროვნული გამოცდები, თუმცა ამაზე განხილვის დროს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად უნდა იყოს დამატებით ეს კომპონენტი. თუმცა მაქსიმალურად მოხდება შემოწმება და იმ ფილტრს გაივლის აბიტურიენტი, რა ფილტრსაც გადის ნებისმიერი პოლიციელი სამსახურის დაწყებამდე. ასევე, გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმება ჩარიცხვამდე, იმიტომ, რომ ჩარიცხვის შემდეგ ის ხდება პოლიციელი, ენიჭება პოლიციელის რიგითის წოდება და მასზე სრულად ვრცელდება პოლიციელის უფლებები და ვალდებულებები. შესაბამისად, აბიტურიენტთან გაფორმდება ხელშეკრულება თავისი ვალდებულებებით. ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 5-წლიანი ვალდებულება იყოს ჩადებული. სქემა ასეთია: სამი წელი უნდა ისწავლოს შსს-ის აკადემიაში, რომელსაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია დაერქმევა, 3 წლის შემდეგ უკვე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასაქმოს შსს-ის სისტემაში. მაქსიმალურად რომ დავაზღვიოთ რისკები იმ ფონზე, როცა სახელმწიფომ ამხელა რესურსი ჩადო კონკრეტული ადამიანის აღზრდასა და მისი უნარების გამომუშავებაში, ეს რესურსი არ დაიკარგოს, ბუნებრივია, გარკვეული ვალდებულებები უნდა ჩაიდოს. თუკი ვთქვათ ის დატოვებს სისტემას, ამ შემთხვევაში, უნდა აანაზღაუროს ის ხარჯები, რაც სახელმწიფომ გაწია. ლოგიკურია. ჯერ კანონში კონკრეტული ვადა არაა მითითებული, თუმცა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება კონკრეტული ვადა და რაც მთავარია, ჩარიცხვისთანავე იქნება ცნობილი იმ ადამიანისთვისაც, ვისაც სურს, რომ ეს კურსი გაიაროს წინასწარ ეცოდინება რამდენი ხანი უნდა ისწავლოს, რამდენი ხანი უნდა იმუშაოს და რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს წინაშე.

პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 50 სტუდენტი ავიყვანოთ. ეს დაკავშირებულია საცხოვრებლის უზრუნველყოფასთან. პირებს, რომლებიც ჩაირიცხებიან, მათ ძირითადი დროის გატარება მოუწევთ აკადემიის ტერიტორიაზე და მათი მთლიანი დღის რეჟიმი იქნება სრულად გაწერილი“, – განაცხადა დარახველიძემ.