დუისში მცხოვრები ახალგაზრდა ამერიკის საელჩოს საზაფხულო კითხვითი გამოწვევის პროგრამის გამარჯვებული გახდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ დუისში მცხოვრებ ამერიკის საელჩოს საზაფხულო კითხვითი გამოწვევის პროგრამის გამარჯვებულს სიგელი გადასცა. მუსლიმ ბორჩაშვილი სხვა ბევრი პროექტისა და პროგრამის გამარჯვებულია.
მუსლიმის განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა. ამბობს რომ ისაუბრეს ახალ საგანმანათლებლო და კულტურულ ინიციატივებზე, ასევე მომავალ თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, „საზაფხულო კითხვითი გამოწვევა“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამერიკული ტრადიციაა, რომელშიც მილიონობით სტუდენტი მონაწილეობს. საქართველოში ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი დამოუკიდებლად შეარჩიონ წიგნები, იკითხონ ზაფხულის განმავლობაში და ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი წაკითხულ მასალაზე.
,,სიგელი მივიღე ამერიკის საელჩოს მიერ ინიცირებული პროგრამის – „საზაფხულო კითხვითი გამოწვევის“ (U.S. Embassy Summer Reading Challenge) – ფარგლებში. ეს არის ყოველწლიური საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებში წიგნის მოყვარეობის, ანალიტიკური აზროვნებისა და ინგლისური ენის უნარების წახალისება.
როგრამას ახორციელებენ ამერიკული სივრცეები (American Spaces) ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თელავის ამერიკული კუთხე და პანკისის ამერიკული თარო, რომელიც კახეთის რეგიონის ახალგაზრდობას რთავს პროცესში.
ბორჩაშვილის განცხადებით, კონკურსის წესები მარტივი, მაგრამ მოტივაციაზე იოყო რიენტირებული.
,,მონაწილეებს ევალებოდათ: აერჩიათ ნებისმიერი წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე; ზაფხულის განმავლობაში წაეკითხათ; თითოეულ წიგნზე შეევსოთ მოკლე Book Report ფორმა; ფორმა დაეტოვებინათ American Space–ში ან ელექტრონულად გაეგზავნათ; კონკურსი შეფასდებოდა წაკითხული გვერდების რაოდენობით. სერტიფიკატები გაიცემოდა შემდეგი პრინციპით: 500 გვერდი — ვერცხლის სერტიფიკატი; 1,000 გვერდი — ოქროს სერტიფიკატი; 10,000 გვერდი — პლატინის სერტიფიკატი; ხოლო ინგლისურად წაკითხული წიგნები გვერდებში ორმაგად ითვლებოდა. ჩემი საბოლოო შედეგი იყო: 4,323 გვერდი ქართულად + 3,660 გვერდი ინგლისურად (გაორმაგებით 7,320) ჯამში – 11,643 გვერდი, რაც პლატინის დონის გამარჯვებას ნიშნავს”.
გამარჯვებულს სიგელი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა გადასცა. ცერემონიალი პანკისის ხეობაში გაიმართა.
,,სიგელი გადმომცა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა ალან ს. პერსელმა. დაჯილდოება გაიმართა პანკისის ხეობაში, ჩვენს ორგანიზაციაში, პანკისის ამერიკულ თაროში საზეიმო და ძალიან სითბოთი სავსე გარემოში.
ჩემთვის ეს სიგელი მხოლოდ წარმატების აღიარება არ არის — ეს არის მოტივაცია, რომ კიდევ უფრო დავხვეწო ჩემი განათლება; აქტიურად ვმუშაობდე საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით; პანკისის და სხვა ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითი ვიყო, რომ სწავლით შეიძლება ყველაზე შორეულ მიზნებამდეც მისვლა; წიგნი დარჩეს ჩემი მთავარი ინსტრუმენტი ცოდნის, შთაგონებისა და პირადი ზრდის გზაზე. ამ სერტიფიკატის მიღება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლისგან ნიშნავს იმას, რომ განათლება და თავდაუზოგავი შრომა ნამდვილად ფასობს”.

