საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი იყო, მან უკვე გაიარა მკურნალობის კურსი და ბინაზეა გაწერილი.
„ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.