ახალი ამბები

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ. დეპუტატებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან შესაბამის ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს და მხარი ერთხმად, 84 ხმით დაუჭირეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტით საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებასთან და სტაჟიორისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს 2022 წლის პირველ ივლისამდე შესაბამის აპარატებში საქმიანობის პერიოდი ჩაეთვალოთ საჯარო სამსახურის სტაჟად.

მისივე თქმით, საჯარო უწყებებში სტაჟირება და სტაჟირების გავლის წესი დღეს ფაქტობრივად, ინდივიდუალურ პრაქტიკადაა ჩამოყალიბებული და საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული.

კანონს დაემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სტაჟირების წესს და მითითებულია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტაჟიორების შერჩევა.

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში) ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან გასული არ არის 5 წელზე მეტი.

კანონპროექტით, პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 თვის ვადით.

კანონპროექტით შემოდის ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ საჯარო უწყებაში დასაქმებული სტაჟიორების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო შემადგენლობის სამ პროცენტს თითოეულ პერიოდზე, რომელსაც უწყებები დაადგენენ. სტაჟიორს უფლება აქვს ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. კანონის მიღების შემდეგ სტაჟირების პერიოდი ჩაითვლება სამუშაო სტაჟად და საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ იქნება ანაზღაურებადი.

გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტით შემოდის კანონის უკუქცევითი ძალა, რომლის საფუძველზეც ყველა იმ პირს, რომელიც პარლამენტში, უმაღლესს საბჭოსა თუ საკრებულოს ფრაქციაში როდესმე საქმიანობდა ეს პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო სტაჟად.