ახალი ამბები

საქსტატი- საშუალო შემოსავალი სოციალურ შემწეობების ჯამურ რაოდენობას მხოლოდ 2-ჯერ აღემატება

2021 წელს მოსახლეობის კეთილდღეობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. ,,საქსტატმა“ ოჯახების შემოსავლები დათვალა და გაარკვია, რომ ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალი 1050 ლარია.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, შემოსავლები პროცენტულად ოდნავ გაზრდილია, მაგრამ ფაქტობრივად მხოლოდ 2-ჯერ აღემატება სოციალური შემწეობების, სტიპენდიების და პენსიების ჯამურ რაოდენობას. სტატისტიკოსი იმ მოდელზეც საუბრობს, რითაც ,,საქსტატმა“ ჩვენი ოჯახების შემოსავლები დათვალა.

,,სტატისტიკა შერჩევითი კვლევის საფუძველზე ანგარიშობს. 3500 ოჯახზე მიმდინარეობდა დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ,,საქსტატს“ ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ რაღაც არასწორად დათვალა. გამოდის, რომ შემოსავლები გაიზარდა 13,9%-ით, ხოლო თუ ამავე დროს შევადარებთ ინფლაციის მაჩვენებელს – არა დეკემბერი დეკემბერთან, არამედ საშუალო წლიურ მაჩვენებელს, აღმოჩნდება, რომ მოსახლეობის შემოსავლები რეალურ განზომილებაში გაიზარდა 3,9%-ით, დაახლოებით 4%-ით გაიზარდა ხარჯების მოცულობა. იმისდა მიხედვით, რომ შინამეურნეობებში წევრთა რაოდენობა განსხვავებულია და მარტოხელა პირების მდგომარეობა განსხვავებულად იზომება (შემოსავლის მრავალი წყარო მათ არ აქვთ), შინამეურნეობებზე რეალურ განზომილებაში შემოსავლები გაიზარდა 1 წელიწადში 1,3%-ით, მოსახლეობის 1 სულზე 3,6%-ით. გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა 2021 წელს, თუმცა, სტატისტიკის სამსახურის სხვა მონაცემითაც თუ ვისარგებლებთ, რომლის მიხედვითაც მშპ გაიზარდა 10,6%-ით, მოსახლეობის კეთილდღეობის ასეთი მოკრძალებული ზრდა შეიძლება აიხსნას დასაქმების სტრუქტურისა და სახელმწიფოს მიერ ადრე აღებული ვალდებულებების განაღდების აუცილებლობის გამო. შემოსავლების დიდი ნაწილი ვალების გასტუმრებას სჭირდება და ასეა როგორც შინამეურნეობებში, ასევე სახელმწიფოშიც“, – აცხადებს არჩვაძე ,,კომერსანტთან“.

გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, 2021 წელს მცირედით გაიზარდა სოფლის მოსახლეობის შემოსავლები, თუმცა 1 სულზე დაანგარიშებით, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახების საშუალო ფულადი შემოსავლიდან, ანუ 1 050 ლარიდან, ყველაზე დიდი წილი – 45.9% ხელფასზე მოდის, რაც თვეში საშუალოდ 482 ლარს შეადგენს. შემოსავლის მეორე ყველაზე დიდი წყაროა პენსიები, რაც ოჯახების საშუალო თვიური შემოსავლის 22.6%-ს შეადგენს, რაც საშუალოდ 237 ლარია. მესამე პოზიციას იკავებს თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, რაც შემოსავლის 10.2%-ია, ეს თვეში 107 ლარის შემოსავალს ნიშნავს.

უფრო მარტივად, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახში არის თვითდასაქმებული, ან პენსიონერი, ან საერთოდაც დასაქმებული, არამედ ამ სტატისტიკის მიხედვით, ოჯახებს საშუალოდ თვეში 1 050 ლარის ფულადი შემოსავლები აქვთ, ხოლო ამ შემოსავლების წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყველაზე პრობლემურია ის ფაქტი, რომ დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 45.9%-ს შეადგენს.