ახალი ამბები

ვფიქრობ, 2026 წლისთვის ბოთლის ღირებულებაც გაგვიძვირდება – Schuchmann Wines

2026 წლიდან ახალი ვენახების გაშენების ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებას დარგის წარმომადგენლებიც აფასებენ. რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი, ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ თუკი სიახლეს არ მოჰყვება ბიუროკრატიით გაჯერებული პროცედურები, მაშინ ის მისასალმებელია.
„რეგულაციები, რომლებიც ზოგადად მოაწესრიგებს დარგს, იქნება კონკურენტუნარიანი, ხარისხზე ორიენტირებული იმისთვის, რომ ისევ და ისევ მსოფლიო სავაჭრო პროცესებში ჩართვა უკეთ შევძლოთ, თანაბარ პირობებში ჩააყენებს როგორც მწარმოებელს, ისე ფერმერს და არ იქნება ზედმეტი ბიუროკრატიული მექანიზმებით გაჯერებული, რასაკვირველია, მისასალმებელია.
კონკურენტუნარიანობის ამაღლება, პირველ რიგში, ხარისხს ნიშნავს. თუ ვსაუბრობთ მაღალ ხარისხზე, ხარისხის კონტროლი იწყება სწორედ ნიადაგიდან, ვენახიდან, კომპლექსური და არც თუ ისე მარტივი პროცესებიდან. ჯერჯერობით საკანონმდებლო ცვლილების დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა, რაც ითქვა, ვიმეორებ, თუ ბიუროკრატიით არ იქნა გაჯერებული, სექტორზე დადებით გავლენას მოახდენს“, – აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

ამასთან ერთად, Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი 2025 წლის რთველსაც აფასებს და ამბობს, რომ უხვმა ნალექმა ფერმერებსა და მეღვინეებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, რთველი ჩვეულზე დიდხანს გაგრძელდა, რამაც, ლოგიკურად, ხარჯებიც გაზარდა.
„სირთულეები განსაკუთრებით კახეთის რეგიონში იყო. უხვმა ნალექმა რთვლის ხანგრძლივობა გაზარდა, რამაც თავის მხრივ, მეტი ფინანსური დანახარჯი გამოიწვია. შეიქმნა მუშახელის პრობლემა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა და საბოლოო ჯამში, პროცესი ყველას გაუძვირა. ვფიქრობ, 2026 წლისთვის ბოთლის ღირებულებაც გაგვიძვირდება“, – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.