ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება.
ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, განზრახი მკვლელობისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადად, ნაცვლად დღეს მოქმედი 7 წლისა, 10 წელი განისაზღვრება. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ზოგიერთი განზრახი მკვლელობისთვის კანონის დღეს მოქმედი რედაქცია უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს.
ცვლილებით კი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახი მკვლელობისთვის განისაზღვრება პატიმრობა 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მკაცრდება სასჯელის ზომა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისათვის. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, ასევე ახლებურად წესრიგდება სისხლის სამართლის პროცესში ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი.
კერძოდ, მოქმედი კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისას გამოყენებულ იქნეს მობილური ტელეფონით ან ვიდეოკამერით განხორციელებული ვიდეოჩანაწერი. როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ასეთი ვიდეოჩანაწერი ხშირად უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.
“მაგალითად, ასეთი ვიდეო-მტკიცებულების განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება ისეთი დანაშაულების გამოძიებისას, როგორიც არის ოჯახური ძალადობა, მუქარა, ადევნება, იძულება, სატრანსპორტო ხასიათის დანაშაული. ასეთი საქმეები ხშირად ხასიათდება ლატენტურობით და გამოსაძიებლად რთულია. ამიტომ ამ დანაშაულების გამოაშკარავება შესაძლებელია სწორედ მათი ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის მეშვეობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.