ახალი ამბები

პროექტი “მშენებლობა განვადებით” მაისიდან დაიწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით სახელმწიფო პროგრამა “მშენებლობა განვადებით” მაისში დაიწყება.

“პროგრამის ძირითადი პრინციპები უკვე გავლილია. აქედან გამომდინარე, დეტალები დაზუსტდება და უკვე დაზუსტებული სახით გაზირებული იქნება ეს ინფორმაცია. ერთი რაც შეიძლება ითქვას არის ის რომ ეს კერძო სექტორისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო განავითარონ. ძალიან მასშტაბური პროექტია, 2 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, წელსვე დაიწყება პროექტების განხორციელება. დაგეგმილია მაისში შესაბამისი ინფორმაციის გამოცხადება”,- ამბობს ქარსელაძე.

“მშენებლობა განვადებით” – ასე ეწოდება მთავრობის 3-მილიარდიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საბანკო სესხებით დაფინანსდება. დღეს თითოეულ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანიებს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ბიუჯეტიდან ერიცხებათ. განსხვავებულია “განვადებით მშენებლობის” პროექტი. მასში მშენებლობის დაფინანსება ხდება საბანკო სესხით, რომლის გარანტორიც საქართველოს მთავრობაა.

აღნიშნული პროგრამა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ დაანონსა, მაგრამ პროექტის მოდელი და მისი განხორციელების ზუსტი სქემა, ჯერჯერობით, უცნობია.