ახალი ამბები

სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების საკითხები ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა.

ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ახალი სსიპ-ი – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ჩამოყალიბდება.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, მესამე მოსმენით – 81 მომხრე, 6 – წინააღმდეგი, დაამტკიცეს.

ამასთან, იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებსა და ზონებში განაშენიანების გეგმის, განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების წესი. აღნიშნულ გეგმებს სააგენტო დაამტკიცებს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტები სივრცის დაგეგმარების გეგმას საექსპერტო დასკვნისთვის სააგენტოს წარუდგენენ. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობას განხილვის პროცესში და საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მუნიციპალიტეტს დასკვნას წარუდგენს.