ახალი ამბები

NDI – გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 98% უკრაინელ ხალხს, ხოლო 87% უკრაინის მთავრობას დადებითად აფასებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ უკრაინას ყველაზე მეტად ევროკავშირი და ევროკავშირის ქვეყნები დაეხმარა. 36% ფიქრობს, რომ აშშ, ხოლო 25%-ის აზრით, უკრაინას ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% რუს ხალხს დადებითად აფასებს, უარყოფითად კი 36%. რაც შეეხება მთავრობის შეფასებას, გამოკითხულთა 85% რუსეთის მთავრობას უარყოფითად აფასებს, 9% კი დადებითად.

გამოკითხული მოსახლეობისთვის ყველა რუსი ერთნაირი არაა. ამასთან, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა, 66% რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს. წინააღმდეგია 23%.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, თუმცა ზოგს არ სჯერა, რომ კრიზისის დროს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ჩემი ქვეყანა ჩემი სახლია და არ ვაპირებ მის დატოვებას“ – ამ პოზიციაზე გამოკითხულთა 97-ია. „ჩემს საზოგადოებაში სოციალური სოლიდარობის მაღალი დონეა“ – ამ მოსაზრებას 87% იზიარებს. „მჯერა რომ კრიზისის დროს ჩემი მთავრობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“- ამგვარად კი გამოკითხულთა 62% ფიქრობს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 81% ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის შედეგად, მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. 1%-ის აზრით გაუმჯობესდა, ხოლო 11% ფიქრობს, რომ ომს მის ოჯახზე გავლენა არ ექნება. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 80% ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებასა (57%) და რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის (52%).

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.