ახალი ამბები

NDI-რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49%-ისთვის, მისაღებია მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს.

ხოლო გამოკითხულთა 37%-ის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება არ შეუერთდეს რუსეთის წინააღდმეგ ეკონომიკურ სანქციებს მიუღებელია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 85% ფიქრობს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის დიდი საფრთხეა. 7%-ის აზრით, მცირე საფრთხეა, ხოლო 4%-ის აზრით, საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს.

რაც შეეხება კითხვას: საქართველომ უნდა გააღრმაოს თუ არა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, მხოლოდ 25 % მიიჩნევს, რომ ეს უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე იგივე კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 53 %-ს ჰქონდა. ამასთან, რესპონდენტთა 39% ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს, მაშინ, როცა ომამდე ასე 23% ფიქრობდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67%-ის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია. 5%-ის აზრით კი უკრაინის. 11% ფიქრობს, რომ ომში პუტინია დამნაშავე, ხოლო 9%-ის აზრით, ომი აშშ-ის ბრალია.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.