გურჯაანში, ხელოვანმა ნატო იმედაშვილმა ხელნაკეთი თოჯინების დამზადება დაიწყო
გურჯაანში მცხოვრებმა ხელოვანმა, ნატო იმედაშვილმა სხვადასხვა მასალისგან ხელნაკეთი თოჯინების დამზადება დაიწყო. მისი თქმით, პირველ ეტაპზე თოჯინები ნაჭრისგან დაამზადა, თუმცა შემდეგ მრავალფეროვნებისთვის თიხით მუშაობაც დაიწყო.
როგორც თავად ამბობს, თოჯინების გაკეთების სურვილი დიდი ხანია ჰქონდა, თუმცა დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა. ნატოს თქმით, საქმიანობის აქტიურად დაწყებაში ხელი პანდემიამ და მეტი თავისუფალი დროის გამონახვამ შეუწყო. ხელოვანს ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის და სტილის რამდენიმე თოჯინა აქვს დამზადებული.
,,ძალიან მიყვარს ხელოვნება და პატარა ხელნაკეთ ნივთებს სულ ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ თოჯინების გაკეთებისთვის დრო არასდროს მქონდა. ყოველთვის მქონდა სურვილი მქონოდა პატარა თოჯინები და პანდემიის პერიოდში როცა სახლებში ვიყავით და დროს მეტი იყო, ვცადე ნაჭრის თოჯინების გაკეთება.
ჯერ რამდენიმე ნაჭრის თოჯინა გავაკეთე და მერე დავიწყე თიხით მუშაობა. მასალა თვითონ მოვზილე, რითიც კეთდება თოჯინის პატარა დეტალები და შემდეგ რამდენიმე ნამუშევარი გავამზადე’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნატო იმედაშვილმა.
ნატო ამბობს, რომ ამ ეტაპზე თოჯინებს არ ყიდის და ნამუშევრებს თავისთვის, ოჯახის წევრების და მეგობრებისთვის ქმნის.
მისივე თქმით, ნამუშევრებს თავისი დიზაინით ამზადებს, თავად აკეთებს ასევე სხვადასხვა მასალისგან ე.წ. თიხას, რომელსაც შემდეგ თოჯინების გამოძერწვის დროს იყენებს.
,,თოჯინებს ჩემი სიამოვნებისთვს ვაკეთებ. სხვებსაც თუ მოეწონებათ გამიხარდება. თიხას, რითიც თოჯინები მზადდება მე ვზელ. ეს შეიძლება იყოს ე.წ. ცივი ფაიფური, რომელიც მზადდება კარტოფილის ფქვილისგან და სოდისგან. ასევე ე.წ. თიხა მზადდება თეთრი ქაღალდისგან და წებოსგან.
ჯერ იზილება, შემდეგ კი ვღებავ საღებავებით ან დამზადების პროცესში მასალას ვურევ ფერებს. ვინც ნახულობს ჩემს თოჯინებს, ყველას ძალიან მოსწონს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახალი მოვიფიქრო და გავაკეთო. ნამუშევრების დიზაინი ჩემია, წინასწარ რკინის კარკასს ვქმნი ხოლმე და შემდეგ ისე ვიწყებ გაკეთებას.
მაქვს დამზადებული სხვადასხვა სახის თოჯინები: გოგონები, ასევე კახელი პაპა, პატარა ბიჭი, მეეზოვე ქალბატონი და სხვა’’,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნატო იმედაშვილი.
ხელოვანი ამბობს, რომ მისი ნამუშევრები თბილისში, იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ის აცხადებს, რომ სამომავლოდ ამ კუთხით მეტად გააქტიურებას და საქმიანობის გამრავალფეროვნებას გეგმავს.
,,მე იუსტიციის სახლშიც ვმუშაობ და იუსტიციის სამინისტრომ მოაწყო თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენა, სადაც ჩემი ოთხი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. თოჯინებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სამომავლოდ ამ კუთხით გააქტიურებას ვგეგმავ.
სურვილი მაქვს, რომ ნამუშევრები მეტმა ადამიანმა ნახოს და რაც მეტს მოეწონება ჩემთვის სტიმულის მომცემი იქნება’’,- აცხადებს ნატო იმედაშვილი.