თელავში ,,ელენეობა” გაიმართა- ფოტოები
ელენე ახვლედიანის დაბადების 121 წლისთავის აღსანიშნავად, თელავის სამხატვრო სკოლამ, ტრადიციად ქცეული ღონისძიება, ,,ელენეობა“,, გამართა.
სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული, სხვადასხვა ჟანრის 200-მდე ნამუშევარი გამოიფინა., ასევე, ღონისძიების მსვლელობის დროს მოეწყო გამოფენა-პერფორმანსი.
ელენე ახვლედიანი თელავში 1901 წელს დაიბადა. მხტავრის ბიოგრაფები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელენეს პირველი გატაცება მუსიკა იყო, თუმცა ბავშვობაშივე დაინტერესდა ხატვით. მისი ნახატები პირველად ელენეს მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია.
მოგვიანებით ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადასახლდა. გიმნაზიის პარალელურად ელენე სამხატვრო სასწავლებელშიც დადიოდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკამდემიაში გააგრძელა სწავლა.
ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადახვა ქალაქებში. 1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. მხატვარი 1975 წელს, პოპულარობის ზენიტში, თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
ელენე ახვლედიანი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც გენიალური მხატვარი, არამედ განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი. თანამედროვეები ხშირად იხსენებდნენ მის განსაკუთრებულ სიყვარულს და ზრუნვას ძველი თბილისისადმი_, მისი სახის შენარჩუნებისთვის. მხატვრის უშუალო ჩარევის შედეგად არაერთი ძველი შენობა გადაურჩა ნგრევას. ბევრი უცხოელი თუ ქართველი მეგობრისთვის იგი თბილისთან ასოცირდებოდა. თავად სერგო ფარაჯანოვს არაერთხელ უთქვამს: “თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია”. დღესაც ბევრი ადამიანისთვის “ელიჩკას თბილისია” ნამდვილი თბილისი.