ახალი ამბები

კახეთში ქალი მეღვინეების საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

საქართველოს ქალ მეღვინეთა ასოციაციის ინიციატივით 4-6 მაისს კახეთში, ,,შატო ბუერაში“, ქალ მეღვინეთა საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.

ღონისძიება თავდაპირველად 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. როგორც საქართველოს ქალ მეღვინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა ახვლედიანი ამბობს, რომ კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ქალები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე, მიღწევებზე, მეღვინეობაში ქალის როლის გაძლიერებასა და ზოგადად დარგში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრებენ.

„მსოფლიო მეღვინეობაში სულ უფრო იზრდება ქალის როლი. ქალები აქტიურად ერთვებიან ღვინის წარმოებაში და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც აღწევენ. ასოციაციის მიზანია მევენახეობითა და მეღვინეობით დაინტერესებულ ქართველ ქალებს ხელი შეუწყოს განათლების მიღებასა და გამოცდილების გაზიარებაში, დაეხმაროს მათ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ღვინის წარმოებასა და რეალიზაციაში. სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს. მივხვდით, რომ ბევრი პრობლემა ღვინის ქართულ წარმოებაში, სადაც ძირითადად დომინირებდნენ მამაკაცები, ქალებისთვის არააქტუალურ სპეციალობად მიიჩნევა. ასოციაცია 2020 წელს დაფუძნდა.

თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ 2018 წელს, სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ამსტერდამში ქალი მეღვინეებისთვის ტარდებოდა კონფერენცია, შემდეგ უკვე ღვინოების დეგუსტაცია ჩატარდებოდა ამსტერდამსა და ბრიუსელში. გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება, დავუკავშირდი ხელმძღვანელს, ჩამოვიყვანეთ საქართველოში, გავაცანით ქვეყანა და უკვე 2019 წელს 12 მეღვინე ქალი გავემგზავრეთ ამსტერდამში ღონისძიებაზე, რომელიც სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“ დააფინანსა. გამგზავრებაში დაგვეხმარა ასევე ღვინის ეროვნული სააგენტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი“. სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ მომდევნო წელს საქართველოში ჩატარებულიყო ქალ მეღვინეთა კონგრესი, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ომია, კონგრესი ჩატარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“, – ამბობს მანანა ახვლედიანი.

კონგრესში მონაწილე ქვეყნებს შორისაა სამხრეთ აფრიკა, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია და სხვა. როგორც ახვლედიანი ამბობს, დელეგატების რამდენიმე ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ამერიკელმა მეღვინეებმა ბოლო დროს თავი შეიკავეს.

მისივე ინფორმაციით, 4 მაისს, კონგრესის პირველ დღეს, ,,შატო ბუერაში“ მეღვინეობისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება, ხოლო 5 და 6 მაისს ღვინოების დეგუსტაცია მოეწყობა. მასტერკლასებს მეღვინეობის სფეროს წამყვანი სპეციალისტები – ანა გოდაბრელიძე, გიორგი სამანიშვილი და დავით ჩიჩუა ჩაატარებენ.